ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ სამივე პირს, ბექა ლატარიას, ბიძინა ხასიასა და ლევან რაჯავს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დღეს, 20 ოქტომბერს აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა გაიმართა. პროკურორმა შატალოვას მკვლელობის საქმეზე ბრალდებული სამივე პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა, დაცვის მხარე ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

შატალოვას მკვლელობაში ბრალდებული, ბექა ლატარია მოსამართლემ პროცესიდან გააძევა, რადგან მან პროკურორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 19 ოქტომბერს სამი ადამიანი დააკავეს. პოლიციელებმა დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ხელყუმბარები ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 19-353 პრიმა, 353-ე, 236-ე, 260-ე და 375-ე მუხლებით მიმდინარეობს.

გაიგე მეტი: