აშშ-ში მდებარე კორნელის უნივერსიტეტში მომუშავე სპეციალისტებმა კოლეგებთან ერთად კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული 88 125 ნაშრომი გამოიკვლიეს. შედეგად, აღმოაჩინეს, რომ მათი 99.9 პროცენტის მიხედვით, გლობალური დათბობა და მისი თანმდევი მოვლენები პირდაპირ ადამიანის მიერაა გამოწვეული.

ამის მსგავსი კვლევა 2013 წელსაც ჩატარდა. მაშინ კონსენსუსი 1991-2012 წლებში გასაჯაროებული ნაშრომების 97 პროცენტს შორის შედგა. ამჯერად კი მეცნიერებმა ყურადღება 2012-2020 წლებში გამოქვეყნებულ მონაცემებზე გაამახვილეს. მათმა მაჩვენებელმა წინას ბევრად გადაუსწრო.

"კრიტიკულად მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რა მოჰყვება ატმოსფეროში სათბურის აირების ემისიას, რათა გამოსავალი მოვძებნოთ. ჩვენ უკვე მომსწრენი ვართ, თუ როგორი დამანგრეველი შედეგები მოაქვს კლიმატის ცვლილებას ბიზნესისთვის, სახელმწიფოებისთვისა და მათი ეკონომიკისთვის", — აცხადებს კვლევის თანაავტორი, ბენჯამენ ჰოულტონი.

ისინი იმედოვნებენ, რომ ამით ბოლო მოეღება საზოგადოების, პოლიტიკოსებისა თუ სხვა პირების ეჭვს, რომლის მიხედვითაც კლიმატის ცვლილებაში ადამიანის ბრალეულობის შესახებ მეცნიერები ამ დრომდე ვერ თანხმდებიან. სინამდვილეში, ეს ასე სულაც არაა.

ამის დასამტკიცებლად, მათ ჩვენს ხელთ არსებული ლიტერატურა შეისწავლეს და ეცადნენ, ისეთი ნაშრომები გამოევლინათ, რომლებიც კლიმატის ცვლილებაში ადამიანის მთავარ როლს არ აღიარებდნენ. ეს სპეციალისტებმა ალგორითმის მეშვეობით შეძლეს, რომელიც ტექსტებში სკეპტიკურ საკვანძო სიტყვებს ეძებდა. ასეთი სულ 28 მასალა აღმოჩნდა. მათი აბსოლუტური უმრავლესობა მეორეხარისხოვან გამოცემებში იყო დაბეჭდილი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.