ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის შექმნილი კონსილიუმის ერთ-ერთმა წევრმა, კარდიოლოგმა ზურაბ ფაღავამ თქვა, რომ შიმშილობის მე-20 დღე უკვე კრიტიკულია და გართულების ალბათობაც იზრდება. მან ისაუბრა, რომ ამას შეიძლება მოყვეს გულის უეცარი გაჩერება, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, შაქრის დონის არასტაბილურობა და სხვა გართულებები.

"დღეს უკვე მე-20 დღეა შიმშილობის და ეს უკვე კრიტიკული დღეებია, როდესაც ალბათობა ყველანაირი გართულების მნიშვნელოვნად მატულობს. სწორედ ამიტომ, ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, განვიხილეთ საკითხი ბატონი პრეზიდენტის პრევენტიული ანუ პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაციის შესახებ, ანუ იმისთვის რომ მეთვალყურეობა, სასიცოცხლო პარამეტრებზე მომხდარიყო უფრო ინტენსიურად, უფრო მომზადებული და კვალიფიციური, ამ თვალსაზრისით უფრო კვალიფიციურ ექიმებთან ერთად", — ამბობს ექიმი ფორმულასთან.

ფაღავამ განაცხადა, რომ სააკაშვილს შესაძლო შედეგები აუხსნეს, მაგრამ ის არ გეგმავს შიმშილობის შეწყვეტას.

სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს, ის მე-20 დღეა შიმშილობს. ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილი ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის წევრებმა ის 19 ოქტომბერს მოინახულეს. ორი დღის განმავლობაში სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ითხოვდა, რომ კონსილიუმი ციხეში უფრო ადრე შესულიყო. ყიფშიძის შეფასებით, სააკაშვილის მდგომარეობა მუდმივად ცვალებადია და საჭიროა დროული რეაგირება.

დღეს, 20 ოქტომბერს სააკაშვილმა განაცხადა, შიმშილობას არ შეწყვეტს, მაგრამ თანახმაა ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე. მისი თქმით, ეს საჭიროა იმისთვის, რომ შრომისუნარიანი იყოს და მიმდინარე მოვლენებში ჩაერთოს.

გაიგე მეტი: