პარტია ხალხისთვის ლიდერის, ანა დოლიძის მძღოლი აცხადებს, რომ თავს დაესხნენ. მისი თქმით, თავდამსხმელის აგრესიის მიზეზი ავტოფარეხთან გაჩერებული მანქანა იყო. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

"მანქანას რომ მივუახლოვდი, მესმის გინება და წიხლს ურტყამდა მანქანას ჩემთვის უცნობი პიროვნება. რომ მივედი რას შვრები-მეთქი ვუთხარი, სირცხვილია, რა დაგიშავა მანქანამ-მეთქი. რას ქვიაო, შენი ასე და ისე, ეს ჩემი გარაჟი არისო, შენ გამო შევწუხდი, კარის გაღება მინდოდა და ვერ გავაღე კარიო. მერე უფრო აგრესია წამოვიდა. ორივე იყო მთვრალი. თავში მუჭები მირტყეს, წიხლი ჩამარტყეს მუცელში და გარეგნულად არ მეტყობა ისეთი არაფერი", — აცხადებს ის TV პირველთან.

დოლიძემ აღნიშნა, რომ მას არაერთ საქმეზე აქვს მიმართული შსს-სთვის და დამნაშავე არცერთხელ დასჯილა. ის ვარაუდობს, რომ თავდასხმა მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება.

"ეს არ არის მსგავსი პირველი შემთხვევა. ქვეყანაში ფაქტია, არსებობს გაგება, რომ შეიძლება ასაკოვან, მშვიდობიან მოქალაქეს, ერთს, ბიჭების მთელი ჯგუფი დაესხას უბანში და ისინი პასუხისმგებლობის გარეშე დარჩნენ. რა თქმა უნდა, თუ ეს საქმე დარჩება დაუსჯელი, ჩვენ გვექნება საშუალება ვთქვათ, რომ აქ ვიღაცას აქვს მიცემული მწვანე ბარათი, რომ ასე ანგარიშწორებით გაუსწორდნენ პირს, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ჩემს საქმიანობასთან", — აცხადებს დოლიძე TV პირველთან საუბრისას.

On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროსში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პირველი პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ძალადობას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.