შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, საქმე სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას ეხება.

შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს, რაც მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას გულისხმობს. დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მათივე განცხადებით, სამართალდამცველებმა საქმეზე ამავე ბრალდებით უკვე სამი პირი დააკავეს.

უწყების თქმით, აღნიშნული საქმის ფარგლებში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საზღვრის უკანონო გადაკვეთას, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანასა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას გულისხმობს.