რუსი კინორეჟისორი, კლიმ შიპენკო, რომელმაც დედამიწის გარშემო მოძრავ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ფილმი გადაიღო, აცხადებს, რომ იგივე, შესაძლოა, მთვარესა და მარსზეც გააკეთოს. ის ISS-ზე გატარებული 12 დღის შემდეგ, ხმელეთზე 17 ოქტომებრს დაბრუნდა.

ორბიტაზე მასთან ერთად რუსი მსახიობი, იულია პერესილდიც იმყოფებოდა. ის "გამოწვევის" სახელით ცნობილ სრულმეტრაჟიან მხატვრულ კინოსურათში მთავარ როლს ასრულებს. ფილმის სიუჟეტი ქირურგის გარშემო ვითარდება, რომელიც კოსმონავტის სიცოცხლის გადასარჩენად საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მიემგზავრება. როგორც ცნობილია, მასში ISS-ში გადაღებული 35-40-წუთიანი მოქმედებები შევა.

"ჩვენ მზად ვართ. გვჯერა, რომ კოსმოსის შესახებ ფილმი თავად კოსმოსშივე უნდა იყოს გადაღებული. თუ ის მთვარეზე იქნება, იქ წავალთ, თუ მარსზე — იქაც გავემგზავრებით. რატომაც არა? რატომ უნდა გადავიღოთ ფილმი მაინცდამაინც სტუდიაში?", — განაცხადა კინორეჟისორმა დედამიწაზე დაბრუნების შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე

კლიმ შიპენკოს თქმით, ISS-ზე მიღებულმა გამოცდილებამ მას კინოსურათის შექმნის ახალი გზები ასწავლა. პერესილდი კი ამბობს, რომ მისთვის ორბიტაზე ყოფნის ყოველი წამი უდიდესი აღმოჩენებით იყო სავსე.

"ზოგიერთი სცენა დედამიწაზე სხვაგვარად წარმომედგინა, თუმცა კოსმოსში სრულიად ახლებურად გამოვიდა. იქ ადამიანები, შესაძლოა, სახით ერთმანეთის პირისპირ იმყოფებოდნენ, მაგრამ ერთი იდგეს, მეორე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იყოს, ხოლო კამერა განსხვავებულ სიბრტყეში განლაგდეს. ეს ჩვენს ცნობიერებას ცვლის", — აღნიშნავს შიპენკო.

ჯერჯერობით უცნობია, როდის ვიხილავთ "გამოწვევას" ეკრანებზე, თუმცა, რეჟისორის ცნობით, შეიძლება მანამდე კოსმოსში გადაღებული ეპიზოდები თიზერის სახით გავრცელდეს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.