ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, აცრილ მასწავლებელთა რაოდენობა და სკოლების მიერ ინფექციის შიდა გავრცელების მართვა იძლევა შესაძლებლობას, რომ სკოლები არ დაიხუროს.

"ვაქცინირებული მასწავლებლების ჯამური მაჩვენებელი 65%-მდე აღწევს, ზოგიერთ სკოლაში არის უფრო მაღალი, ზოგიერთ სკოლაში არის შედარებით დაბალი. ეს მაჩვენებელი არ არის ცუდი, მაგრამ იმისთვის, რომ სკოლებში ინფექციის გავრცელება შეჩერდეს, რა თქმა უნდა, სასურველია, რომ ეს იყოს 80%-ზე მეტი.

150 სკოლაში მოხდა დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა და ასევე, 400-მდე, ინდივიდუალურ კლასში გახდა საჭირო დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა. სკოლების საერთო რაოდენობასთან შედარებით, ეს არ არის მაღალი მაჩვენებელი, დაბალი პროცენტია. კარგია ის, რომ სკოლები ახერხებენ აქტიურად ინფექციის შიდა გავრცელების მართვას და ამდენად, ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ის მექანიზმი, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს შევინარჩუნოთ სკოლები გახსნილ საკლასო სასწავლო რეჟიმში", — განაცხადა გაბუნიამ.

საქართველოს საკლასო ოთახებში სწავლა 4 ოქტომბერს განახლდა.

20 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 219 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 2 348, ხოლო გარდაიცვალა 42 ადამიანი. სულ ჩატარდა 1 926 893 აცრა, დღიურად აცრილია 5 543 ადამიანი.