ევროპარლამენტარები კიდევ ერთ წერილს აქვეყნებებენ, სადაც ვკითხულობთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს, სანამ მის საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ განიხილავს. განცხადებას ხელს აწერენ ევროპარლამენტარები — ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუნკევიჩიენე, რიჰო ტერასი, მირიამ ლექსმანი, სანდრა კალნიტე.

"სააკაშვილის საქმე გადაეცა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ესაა გზა, რომ ევროპული სამართალი შემოვიდეს საქართველოს მომავლისთვის უმნიშვნელოვანეს საქმეში. ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება მის განხილვებს და იმოქმედებს დასკვნების შესაბამისად. სანამ ECHR განიხილავს საქმეს, სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს ციხიდან", — წერია განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ყოფილი პრეზიდენტის ან პრემიერმინისტრის დაკავება მსოფლიოს უგზავნის სიგნალს, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატია და კანონის უზენაესობა შესაძლოა უარესდებოდეს. მათივე თქმით, სააკაშვილის ციხეში ყოფნა აჩენს კითხვებს, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც პრემიერმინისტრი პირდაპირ საუბრობს მისთვის მუხლების დამატებაზე.

"პრემიერმინისტრი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებები მხოლოდ ადასტურებს სააკაშვილის საქმეების პოლიტიკურ მოტივებს და აბსოლუტურად მიუღებელია ევროპული ტიპის მართლმსაჯულებისთვის, ძირს უთხრის ხალხის მიერ საქართველოს ევროპულ გზის არჩევანს.

საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხის წინაშეა. მთავრობასა და ქართული ოცნებას ამ სიტუაციასა და მის მოგვარებაზე მთავარი პასუხისმგებლობა აკისრია. ისინი დგანან არჩევანის წინაშე - გააგრძელოს უარყოფითი შედეგების გაუარესება, პოლარიზაციისა და უნდობლობის გაღვივება, სანამ სააკაშვილი ციხეში რჩება, ან დააბრუნონ თავიანთი ყურადღება მცდელობაზე, რათა დაცული იქნეს ევროპული მისწრაფებებისთვის მნიშვნელოვანი კანონის უზენაესობა და ევროპული ტიპის სამართლებრივი სტანდარტები.", — ნათქვამია განცხადებაში.

ევროპარლამენტარებს აქამდეც უსაუბრიათ, თუ რა საფრთხეებს შეიცავს ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობა. ანდრიუს კუბილიუსს ამბობდა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა არ არის კარგი. მისი თქმით, საქართველოს მართლმსაჯულებას რეფორმები სჭირდება.

გარდა ამისა, ევროპარლამენტარებმა, ანდრიუს კუბილიუსმა და რასა იუკნევიჩიენემ ერთობლივი წერილით შეშფოთება გამოხატეს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო მუქარაზე. ისინი ამ შემთხვევაშიც სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე საუბრობდნენ.

საბოლოოდ კი კუბილიუსის თქმით, რომ არ სჯერა, რომ მისი მოწოდებები სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ, შესრულდება. ის ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა ევროპული სტილი არ არის და საქმეს "პოლიტიკური მართლმსაჯულების სუნი ასდის".

სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და თქვა, რომ საქართველოშია. ის უკვე 20 დღეა შიმშილობს.