იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, თუ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის თანახმა იქნება, ექიმთა კონსილიუმის ყველა რეკომენდაცია შესრულდება. ასე გამოეხმაურა ის ექიმების რეკომენდაციას სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საჭიროების შესახებ.

"გაიმართა სამუშაო ჯგუფთან მედიკოსების შეხვედრა. მოვისმინეთ მათი მიგნებების შესახებ და მივიღეთ ასევე გარკვეული რეკომენდაციები, რომლებიც პატიმრის თანხმობის შემთხვევაში, სრულად იქნება შესრულებული", — თქვა ბრეგაძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილი ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის წევრებმა მიხეილ სააკაშვილი დღეს პირველად მოინახულეს. რუსთავის ციხიდან გამოსვლის შემდეგ, კარდიოლოგმა, ზურაბ ფაღავამ განაცხადა, რომ კონსილიუმი ექსპრეზიდენტის პრევენციული ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაციას გასცემს.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა დღეს განაცხადა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, ექსპრეზიდენტი კლინიკაში გადაყვანის წინააღმდეგი არ იქნება.

გაიგე მეტი: