სტატია ქვეყნდება OC Media-სთან თანამშრომლობის ფარგლებში. ავტორები არიან ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც იყენებენ მათთვის მისაღებ ტერმინოლოგიას. მასალას ვაქვეყნებთ უცვლელად, თუმცა სტატიაში ნახსენებ ტერიტორიებს, რომლებიც მდებარეობს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, როგორც სახელმწიფო, ასევე On.ge-ს რედაქცია არ აღიარებს დამოუკიდებელ ერთეულებად. შესაბამისად, ადგილმდებარეობებსა და წოდებებთან მოიაზრება სიტყვები: "ოკუპირებული" და "დე-ფაქტო".

სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან დაპირისპირების შემდეგ, აფხაზეთის ორ დეპუტატს, ჰარი კოკაიასა და ალმასხან არძინბას უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით პარლამენტის იმუნიტეტი მოეხსნა.

მოსამართლეებმა რომან კვარჩიამ, ლია ავიძბამ და ესმა კორსაიამ 30 სექტემბერს მომხდარი ინციდენტის დროს დეპუტატების ქმედებებში დანაშაულის ნიშნები დაინახეს.

30 სექტემბერს, როცა აფხაზეთში გამარჯვების დღეს აღნიშნავდნენ, მილიციის თანამშრომლები და ვეტერანთა ჯგუფი ერთმანეთს დაუპირისპირდა. ინციდენტი დეპუტატ კოკაიას მიერ ჰაერში საზეიმო გასროლით დაიწყო.

სროლის ხმაზე ადგილზე მილიციის წარმომადგენლები გამოცხადნენ, რომლებიც იქვე იმყოფებოდნენ. კოკაიამ იარაღის ჩაბარებაზე უარი განაცხადა, რამაც ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია, შედეგად კოკაია და შვიდი ვეტერანი დაშავდა. ვეტერანთა საზოგადოებრივი ორგანიზაციის არუაას ხელმძღვანელის თქმით, (რომელიც ყოფილ პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან არის აფილირებული), დაშავებულები სერგეი ბაღაფშის სახელობის მოედანზე დატოვეს.

მოგვიანებით მისი კოლეგა, ალმასხან არძინბა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მივიდა და ავტომატიდან ჰაერში რამდენჯერმე ისროლა. უწყების ცნობით, მან უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღიდან, სავარაუდოდ, კალაშნიკოვიდან 20-ჯერ გაისროლა და შენობის მიმართულებით უცენზურო სიტყვებს ყვიროდა.

ხელისუფლების თანახმად, გამოძიებას დაწყებისთანავე ჰარი კოკაია პროკურატურასთან თანამშრომლობდა, მისცა ჩვენება და 4 ოქტომბერს საჯაროდ ბოდიში მოიხადა იმისთვის, რომ "ემოციებს აჰყვა". ალმასხან არძინბამ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა.

უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ კოკაიას წინააღმდეგ არსებობს მტკიცებულება, რომ მან დაარღვია კანონები სახელმწიფო მოხელის შეურაცხყოფისა და ხულიგნობის შესახებ, ხოლო არძინბა შესაძლოა დამნაშავედ იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებისა და ხულიგნობაზე ცნონ.

სტატია თავდაპირველად OC Media-ზე გამოქვეყნდა.