ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თბილისის სამარშრუტო ტაქსის კომპანიამ პოლიტიკური რეკლამის განთავსებისთვის დადებული ხელშეკრულება გააუქმა. ხაბეიშვილის ინფორმაციით, ნიკა მელიას წინასაარჩევნო სლოგანები ქალაქში მოძრავ მიკროავტობუსებს 16 ოქტომბრიდან გააკრეს, თუმცა დღეს საღამოს კომპანიამ პარტიასთან შეთანხმება გაწყვიტა.

"უკვე რამდენიმე დღეა დედაქალაქში ათეულობით სამარშრუტო ტაქსი გადაადგილდება კონკრეტული სოციალური დაპირებებით [...] მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება გაფორმებულია და 40 000 ლარი გადახდილი გვაქვს ბეს სახით გაწყვიტეს და შემოგვითვალეს, რომ ეს დაპირებები აღარ იქნება განთავსებული სამარშრუტო ტაქსებზე", — განაცხადა ხაბეიშვილმა.

დეპუტატი კომპანიის ამ გადაწყვეტილებას ქართულ ოცნებას და პირადად კახა კალაძეს უკავშირებს, მიზეზად კი მათთვის საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლას ასახელებს. ხაბეიშვილის თქმით, "ხელების გადაგრეხვა" და ძალადობა ქართული ოცნებისთვის "ნაცადი ხერხია"

On.ge დაუკავშირდა შპს თბილისის მიკროავტობუსს, სადაც განმარტეს, რომ მათ კუთვნილ მიკროავტობუსებზე რეკლამას პარტნიორი კომპანია ათავსებს და ნაციონალურ მოძრაობას კომუნიკაცია სწორედ მათთან ჰქონდა. თბილისის მიკროავტობუსში აცხადებენ, რომ აღნიშნულმა კომპანიამ ნაციონალურ მოძრაობის პლაკატები მიკროავტობუსებზე სატესტო რეჟიმში, მათთან შეუთანხმებლად გააკრა.

"სატესტო ვერსიები მუშავდება, როგორც წესი, ყველა სხვა დამკვეთთანაც, იქნება ეს სუპერმარკეტების ქსელი თუ ნაყინი თუ ა.შ. და სატესტო ვერსიას უშვებს, რომელსაც ეცნობა შემდეგ დამკვეთიც, მომხმარებელიც და შემსრულებელიც, რომ ხარვეზების არსებობის შემთხვევაში მერე ჩასწორდეს და ა.შ. ზუსტად ასეთი სატესტო ვერსიები იყო ესენიც და მას შემდეგ, რაც კომპანისთან დაიწყო მოლაპარაკება, რომ პოლიტიკური შინაარსის საარჩევნო პლაკატები გაკრულიყო, ბუნებრივია, მიიღეს უარი", — განაცხადეს კომპანიის პრესამსახურში.

უარის მიზეზად შპს თბილისის მიკროავტობუსში ასახელებენ მენეჯმენტის მიერ რამდენიმე თვის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას.

"ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიების დაწყებამდე გაცილებით ადრე, რამდენიმე თვით ადრე, კომპანიის მენეჯმენტის მიერ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ ჩვენს კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე არ გაიკვრება არც ერთი პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პლაკატი, რომ არ გახდეს მოგვიანებით პოლიტიკური ინსინუაციების საგანი.", — განაცხადეს კომპანიაში.

შპს თბილისის მიკროავტობუსში აცხადებენ, რომ მათ მიკროავტობუსებზე არცერთი პოლიტიკური პარტიის პლაკატები არ გაიკვრება.

On.ge ცდილობს იმ კომპანიასთან დაკავშირებასაც, ვისთანაც ენმ-მ ხელშეკრულება გააფორმა. დამატებით დეტალებს ინფორმაციის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.