ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მისი ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცა. ამის შესახებ სააკაშვილის მონახულების შემდეგ კარდიოლოგმა ზურაბ ფაღავამ ისაუბრა.

"ამჟამად ის მონაცემები, რომლებიც არსებობს სიცოცხლისათვის საშიში ლაბორატორიული, ინსტრუმენტული ანალიზური მონაცემები არ არის, მაგრამ, გამომდინარე იქედან, რომ შიმშილობა, ეს არის განსაკუთრებული მდგომაროება, მას აქვს სხვა დაავადებები კიდევ, რისკი გართულებების საკმარისად მაღალია, ამიტომ, დავაყენეთ საკითხი ე.წ. პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაციის შესახებ და განიხილავენ", — განაცხადა ფაღავამ.

მისი თქმით, არ არსებობს სასწრაფო ჰოსპიტალიზაციის საჭიროება, მაგრამ, გართულებების მაღალი რისკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია პროფილაქტიკა.

"ახლა არანაირი განსაკუთრებული მდგომარეობა არ არის, მაგრამ, უახლოეს საათებში, უახლოეს დღეებში მოსალოდნელი შესაძლებელია იყოს სერიოზული გართულებები, ამიტომ, მათი თავიდან აცილების მიზნით, უმჯობესია, რომ იყოს მეთვალყურეობის ქვეშ", — ამბობს ექიმი.

ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილი ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის წევრებმა მიხეილ სააკაშვილი დღეს პირველად მოინახულეს. ორი დღის განმავლობაში სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ითხოვდა, რომ კონსილიუმი ციხეში უფრო ადრე შესულიყო. ყიფშიძის შეფასებით, სააკაშვილის მდგომარეობა მუდმივად ცვალებადია და საჭიროა დროული რეაგირება.

გაიგე მეტი: