საქართველოს მთავრობასა და ანკლიის განვითარების კონსორციუმს შორის მიმდინარე დავა გრძელდება. მორიგი განცხადების მიხედვით, კონსორციუმი მთავრობას პროექტის შეჩერებაში ღიად ადანაშაულებს და ამბობს, რომ მთავრობამ ყველა ღონეს მიამართა, რათა პროექტი შეეჩერებინა. განცხადებაში ისიც არის ნათქვამი, რომ დასავლეთისგან არსებული წნეხის გამო მთავრობა პორტის აშენებას მხოლოდ რიტორიკულად უჭერს მხარს.

"პროექტთან დაკავშირებული საჯარო მოვლენები ნათელი და ყველასათვის ცნობილია: მიმდინარე არბიტრაჟამდე გაცილებით ადრე ამ ხელისუფლებამ და მისმა ლიდერებმა მკაფიო გზავნილით მიმართეს საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოებას: "ჩვენ არ გვსურს თქვენი ჩართულობა და ამ პროექტის წარმატება".

მთავრობამ ფაქტობრივად ყველა ღონეს მიმართა, რომ პროექტი შეეჩერებინა, ხოლო მთავრობის მიერ პროექტის რიტორიკული მხარდაჭერის შემოთავაზება შედეგია იმ წნეხისა, რომელიც მომდინარეობს აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან, რომლებიც აცნობიერებენ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას. მართლაც, როგორც პანდორას მასალებიდან ირკვევა, მმართველ პარტიაში არიან პირები, რომლებიც ფინანსურად პირადად დაზარალდებიან, ფოთის პორტთან და ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან დაკავშირებული დანაკარგების ფონზე, თუ კი ანაკლიის პროექტი გაგრძელდება", — ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული განცხადება ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ნათია თურნავას საპასუხოდ გაავრცელა და აღნიშნა, რომ ეკონომიკის მინისტრი შეგნებულად ამახინჯებს ფაქტებს, როდესაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შეჩერებაში ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ადანაშაულებს.

გუშინ, 18 ოქტომბერს ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის ინვესტორის მხრიდან "გაჩაღებულმა" საარბიტრაჟო დავამ გარკვეული დარტყმა მიაყენა პროექტს, თუმცა ამაში დადებითსაც ხედავს, რადგან სამომავლოდ უფრო "სანდო ინვესტორების" მოძებნა იქნება შესაძლებელი.

კონსორციუმი მთავრობის მხრიდან საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტას უკანონოს უწოდებს და ამბობს, რომ საარბიტრაჟო სარჩელი ინვესტორების ინტერესების დასაცავად მას შემდეგ იქნა შეტანილი, რაც მთავრობამ "აგრესიული და პროექტისა და მისი მთავარი ინვესტორების განადგურებაზე გათვლილი კამპანია დაიწყო".

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის თქმით, მთავრობა აღიარებს, რომ პროექტის მომავალი საფრთხის ქვეშაა. განცხადებაში ისიც წერია, რომ პროექტი საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია.

"მთავრობა ახლა სერიოზული პრობლემის წინაშეა: ქართული ეკონომიკა ამ პროექტს საჭიროებს. მთავრობა აღიარებს, რომ პროექტის მომავალი საფრთხის ქვეშაა. ამ მოსაზრებას ასევე ადასტურებენ მთავრობის მიერ დაქირავებული ექსპერტებიც; მთავრობას არ გააჩნია კაპიტალი რომ თავად დააფინანსოს ეს პროექტი და მთავრობა ახლა დაპირდა აშშ-სა და ევროკავშირს იმას, რისი შესრულებაც მას არ შეუძლია", — ნათქვამია კონსორციუმის განცხადებაში.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია პროექტის განხორციელების პერსპექტივებზეც. კონსორციუმის განცხადებით, საარბიტრაჟო დავის დასრულებამდე ვერცერთი ტენდერი ვერ იქნება წარმატებული. არადა, ეკონომიკის მინისტრის თქმით, მთავრობას სურს, რომ საერთაშორისო ტენდერი 2022 წელს გამოაცხადოს. კონსორციუმის განცხადების დასკვნით ნაწილში საუბარია იმაზე, რომ მთავრობას აქვს არჩევანი, გვერდით გადადოს პოლიტიკური ინტერესები და განავითაროს პროექტი, ან განუსაზღვრელი ვადით შეაჩეროს პორტის აშენების საკითხი — როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რუსების საკეთილდღეოდ.

"ვიდრე არბიტრაჟი არ დასრულდება, რასაც შეიძლება კიდევ ორი წელი დასჭირდეს, ვერცერთი ტენდერი ვერ იქნება წარმატებული. მთავრობას კი ამ საკითხის მარტივად გადაწყვეტა შეუძლია: თავად არ შეუშალოს ხელი, გვერდით გადადოს პოლიტიკური ინტერესები, გამოიჩინოს ნება - განავითაროს პროექტი და გადადგას სათანადო ნაბიჯები, რომელიც საერთაშორისო ინვესტორებს რწმენას დაუბრუნებს. ან შეუძლია განაგრძოს დაწყებული გზა, იხილოს ტენდერების ჩავარდა, რისკის ქვეშ დააყენოს არბიტრაჟის მოგება და შესაბამისად მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგი და შეაჩეროს პროექტი განუსაზღვრელი ვადით, რუსების საკეთილდღეოდ", — წერია კონსორციუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის პორტის აშენების ტენდერი 2016 წელს გაიმართა, სადაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა გაიმარჯვა. კონსორციუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე იყო. მაშინ ქვეყნის პრემიერმინისტრის თანამდებობას გიორგი კვირიკაშვილი იკავებდა.

ანაკლიის პორტის პროექტი 2020 წლის დასაწყისში შეჩერდა, როდესაც საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. რამდენიმე თვის შემდეგ, კონსორციუმმა საქართველოს მთავრობას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივლა.

გაიგეთ მეტი: