პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე ესაუბრა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ეს კოლომინას ვიზიტი NATO-საქართველოს მჭიდრო ურთიერთობებზე მეტყველებს.

"საქართველოს პრეზიდენტმა NATO-ს გენერალური მდივნის ახლადდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ადამიანთა უკანონო გატაცებებს, ჯანდაცვის სერვისებსა და ვაქცინაზე ხელმისაწვდომობას, მშობლიური ენაზე სწავლების აკრძალვას და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის საკითხებს ეხება", — წერია პრეზიდენტის ადმკნისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ მხარეებმა ისაუბრეს, რეგიონში შექმნილ მდგომარეობაზე, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებსა და ამ მიმართულებით ალიანსთან სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობებზე.

ხავიერ კოლომინა ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს. კოლომინამ განაცხადა, რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის რეგიონის სტაბილურობას.

ხავიერ კოლომინა საქართველოს რეგიონული ტურნეს ფარგლებში ეწვია. იგი უკვე იმყოფებოდა აზერბაიჯანში, ხვალ კი სომხეთში გაემგზავრება.