ბათუმის საზღვაო აკადემიამ, სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ვაჟა ანანიძე სამსახურში არ აღადგინა. როგორც ვაჟა ანანიძე, On.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, ის იურიდიულ დავასა და პროტესტს აგრძელებს.

"საფუძველი არის ასეთი, რომ სასამართლომ მოითხოვა რა თანამდებობაც მეჭირა, იმის ტოლფასი თანამდებობის გამონახვა ჩემთვის, აკადემიამ კი თქვა, რომ ასეთი ტოლფასი არ მაქვსო. სამეცნიერო საქმიანობის, რომელსაც მე ვახორციელებდი, შესაბამისი თანამდებობა ვაკანტური არ მაქვსო. კანონი არსებობს, რომელის მიხედვითაც აღდგენა უნდა მოხდეს იმ სიტუაციაში, როცა ტოლფასს ითხოვს მოსამართლე, უნდა არსებობდეს ფუნქციურად შესაბამისი და ანაზღაურებით შესაბამისი თანამდებობა.

ჩვენ გავაგრძელებთ იურიდიულ დავას და პროტესტს", — განმარტავს ის.

ანანიძის ადვოკატის, ანა ბერძენიშვილის განცხადებით, საზღვაო აკადემიის ეს პოზიცია სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს.

"სასამართლომ პირდაპირ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ვაჟა ანანიძე უნდა აღდგეს ტოლფას პოზიციაზე. საზღვაო აკადემიის პოზიცია, რომ მას არ გააჩნია ტოლფასი ვაკანტური პოზიცია, არის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ხელის შეშლა, რაც თავის მხრივ წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს.

იმისათვის, რომ ეს ხერხი მოეფიქრებინა საზღვაო აკადემიას, დასჭირდა 13 დღე. რეალურად, ვფიქრობთ, რომ საზღვაო აკადემიას მოლოდინი არ ჰქონდა იმისა, რომ სასამართლო ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, აქედან გამომდინარე, აღმოჩნდა ამ რეალურ სიტუაციაში", — ამბობს ის.

ადვოკატის განცხადებით, მათ მიმართეს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვეს, რომ საქმე პროკურატურაში გადააგზავნონ, ვინაიდან სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაული.

სასამართლოს 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ბათუმის საზღვაო აკადემიას ვაჟა ანანიძის სამსახურში აღდგენა, ასევე, კომპენსაციისა და განაცდურის ანაზღაურება დაევალა.

გაიგე მეტი: