აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ პლანეტა იუპიტერის ორბიტაზე მოძრავი "ტროელი" ასტეროიდების შესასწავლად გაგზავნილ ზონდს მზის პანელებთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა.

Lucy-ს სახელით ცნობილი, 1.5 ტონა წონის მქონე აპარატი დედამიწიდან რაკეტამ Atlas V მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს წარმატებით გაიყვანა. თუმცა, აფრენიდან 48 საათში გაირკვა, რომ მასზე დამონტაჟებული მზის პანელების ერთ-ერთი წყება სათანადოდ ვერ გაიშალა.

გაშვებისას ბატარეებისგან შედგენილი 2 ფრთა ზონდის გვერდითა ნაწილში დაკეცილ მდგომარეობაში იყო მოთავსებული. ისინი იმგვარად დააპროგრამეს, რომ ორბიტაზე ასვლის შემდეგ, ვტომატურად უნდა გადახსნილიყვნენ. ეს გახლავთ 20-წუთიანი პროცესი, რომელსაც ხარვეზის გარეშე არ ჩაუვლია. ამის მიუხედავად, დანარჩენი ელემენტები გამართულად ფუნქციონირებენ და ენერგიას გამოიმუშავებენ.

"მიღებული მონაცემების მიხედვით, მზის პანელების 1 წყება ბოლომდე გაიშალა, მეორე კი არა. ამჟამად Lucy-ს დაკისრებული მოვალეობის შესრულება შეუძლია და საფრთხე არ ემუქრება. სპეციალური გუნდი მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას აანალიზებს, რათა აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად საჭირო ნაბიჯები გადადგან", — აცხადებენ NASA-ში.

შეგახსენებთ, რომ 981 მილიონი აშშ დოლარი ღირებულების მისიის ფარგლებში გაგზავნილი ზონდი 8 სხვადასხვა ასტეროიდს ეწვევა. 1 მათგანი ასტეროიდთა სარტყელშია მოქცეული, დანარჩენი 7 "ტროელი" კი მზის გარშემო იმავე ორბიტაზე მოძრაობს, რომელზეც აირის გიგანტად წოდებული იუპიტერი. ისინი იმ პირველადი მატერიის ნარჩენებად მიიჩნევიან, რომელმაც ჩვენი მზის სიტემის გარე პლანეტები შექმნა.

აპარატი პირველ ასტეროიდამდე 2025 წლის აპრილში მიაღწევს, დასაჩქარებლად კი დედამიწის გრავიტაციას გამოიყენებს. Lucy-ს წყალობით, P, D da C ტიპის ასტეროიდებს გამოვიკვლევთ. სწორედ ამ სახის ობიექტები შეადგენენ სარტყლის ძირითად გარეთა ნაწილს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.