პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობა ილუზიებშია და ილუზიებში აცხოვრებს მოსახლეობას. მისი თქმით, ენმ "კატასტროფულად წაგებულ არჩევნებს" ისევე ზეიმობს, როგორც აგვისტოს ომი იზეიმეს.

"როგორც მათ, სამწუხაროდ, საუბედუროდ, აზეიმეს [ხალხი], აგვისტოს ომის შემდეგ გამოიყვანეს რუსთაველზე და მიშა, მიშა აძახეს, ასეთ პირობებში არიან ისინი ახლაც. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან, რა ილუზიებში უწევთ მათ ცხოვრება [...] როგორ ილუზიებში ცხოვრობდნენ და აცხოვრებდნენ ჩვენს მოსახლეობას, ასეთივე ილუზიებში არიან ისინი ახლა. წარმოიდგინეთ, მათ წააგეს კატასტროფულად არჩევნები. აი, კატასტროფულად. ამაზე ცუდი შედეგები არ შეიძლებოდა ყოფილიყო.

ისინი ამბობდნენ, რომ 43%-ს ვერ აიღებდა ქართული ოცნება. ჩვენ ავიღეთ 47% თითქმის. მით უმეტეს, იმ პირობებში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებოდით. ამას დაემატა შიდა ღალატიც და ძალიან ბევრი ფაქტორი, რომელმაც იმუშავა ჩვენს საწინააღმდეგოდ. ამის მიუხედავად, მთელი მოსახლეობის 47%-მა, თითქმის ნახევარმა, გამოგვიცხადა უპირობო მხარდაჭერა", — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტური 30 ოქტომბერს, 20 თვითმმართველ ქალაქსა და თემში და 42 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარდება. პირველი ტურის მონაცემებით, ქართული ოცნების საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში მიღებული ჯამური შედეგი მთელი საქართველოდან 46,75%-ია.

მიშელის შეთანხმების ანულირების მიუხედავად, ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა ამ არჩევნებს რეფერენდუმად განიხილავდა: ისინი აცხადებდნენ, რომ თუ ქართული ოცნება 43%-ს ვერ გადალახავდა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოუწევდა.