"გთავაზობთ შემოვიღოთ აქტიური სარეზერვო სამსახურის ფორმა, რომელიც საშუალებას მოგვცემს მოვაწყოთ რეზერვი ისე, რომ, ერთი მხრივ, დაკმაყოფილებული იყოს საქართველოს ინტერესები, და მეორემ მხრივ გამოყენებული იყოს ის სიახლეები, რომელსაც დღეს მსოფლიო იცნობს სამხედრო თეორიაში." - ეს განცხადება თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს უფროსის მოადგილეს, გიორგი თავდგირიძეს ეკუთვნის. თავდგირიძემ, დღეს, თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ახალი კონცეფცია წარადგინა, რომელიც 45–დღიან მომზადებას და ანაზღაურებას ითვალისწინებს.

თავდგირიძის თქმით, შეიქმნება ტერიტორიული, სპეციალისტების და შეიარაღებული ძალების რეზერვი. ამასთან, ის დაკომპლექტდება სხვადასხვა მოთხოვნის შესაბამისად. მისივე პრეზენტაციის მიხედვით:

  • სამსახურის ფორმა - ნებაყოფლობითი;
  • გაწვევა/ასაკი - 18-55 წლის ჩათვლით;
  • 45 დღიანი საბრძოლო მომზადება ქვედანაყოფის შემადგენლობაში;
  • ხელფასი - სერჟანტ კაპრალის ხელფასი წელიწადში შეადგენს 3470 ლარს;
  • სამსახურის პერიოდში პირი ისარგებლებს კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო სოციალური გარანტიებით;
  • გამოძახება: ქვედანაყოფის საბრძოლო მომზადების გეგმით, ან საგანგებო სიტუაციის დროს მოქმედი გეგმის მიხედვით.

ტერიტორიულ რეზერვში მოხვედრა შეეძლება ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი.

სპეციალისტების რეზერვში მოხვდებიან ის სპეციალისტები, რომელთა სპეციალობა დეფიციტური ან/და ძვირადღირებულია შეიარაღებული ძალებისთვის. ასეთია მაგალითად, თავდგირიძის თქმით, კიბერრეზერვი. IT სპეციალობის ადამიანები ჩვეულებრივად იმუშავებენ, ხოლო კიბერთავდასხმის შემთხვევაში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფოს კიბერუსაფრთხოების ღონისძიებებში.

შეიარაღებული ძალების რეზერვში მოხვდებიან მხოლოდ პროფესიონალები. ის ადამიანები, რომლებმაც გაიარეს საკონტრაქტო სამსახურის ერთი ვადა და აქვთ გაგრძელების სურვილი.

გიორგი თავდგირიძის თქმით, საპილოტე ნაწილის გაშვება 2018 წლის იანვრიდან იგეგმება.

"მთავარი არის, რომ ისინი სამოქალაქო ცხოვრებას არ მოწყდებიან, მაგრამ ამასთანავე მათი საბრძოლო უნარ-ჩვევა იქნება ძალიან მაღალი," - განაცხადა გიორგი თავდგარიძემ.