კანიე ვესტმა 24 აგვისტოს ლოს-ანჯელესის სასამართლოს სახელის ოფიციალურად შეცვლის მოთხოვნით მიმართა. როგორც ჩანს, სასამართლომ რეპერის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ის დღეიდან Ye-ს სახელით იქნება ცნობილი.

ლოს-ანჯელესის სასამართლოში გაგზავნილი დოკუმენტაციის მიხედვით, კანიემ სურვილი გამოთქვა, თავისი სრული სახელის — კანიე ომარი ვესტის ნაცვლად, დიდი ხნის განმავლობაში გამოყენებული ზედმეტსახელი Ye დაერქვა. დოკუმენტებში სახელის შეცვლის მიზეზად რეპერმა "პირადი მიზეზები" მიუთითა.

მუსიკოსმა სახელის შეცვლის სურვილი ჯერ კიდევ 2018 წელს გამოთქვა და ტვიტერზე დაწერა, რომ ამიერიდან ის კანიე ვესტის მაგივრად Ye იქნებოდა. აღსანიშნავია, რომ კანიეს 2018 წელს გამოშვებულ მე-8 ალბომსაც Ye ჰქვია.

2019 წელს კანიემ განაცხადა, რომ შეიძლებოდა "მილიარდერი ქრისტიანი გენიოსი კანიე ვესტი" დაერქვა. 2009 წელს, როდესაც სპორტული ფეხსაცმლის ხაზი გამოუშვა, კანიემ თქვა, რომ სურდა მისთვის "მარტინ ლუი მეფე უმცროსი" ეწოდებინათ.