შინიჩირო ვატანაბეს საკულტო ანიმე Cowboy Bebop სულ მალე ეკრანებზე სერიალის სახით დაბრუნდება. კოსმოსში კრიმინალებზე მონადირე სპაიკისა და მისი თანამზრახველების ისტორიის პრემიერა Netflix-ზე 19 ნოემბერს შედგება.

ფოტო: Netflix

სერიალის პირველ ტრეილერში სპაიკს, ჯეტსა და ფეის უკეთ გაიცნობთ. ტრეილერში ედი არ ჩანს, თუმცა შემქმნელები დაგვპირდნენ, რომ ედის პერსონაჟი იმედს არ გაგვიცრუებს.

აღსანიშნავია, რომ ეს მოკლე და ორიგინალური ტრეილერი დამოუკიდებელი თავგადასავალის სახით შეიქმნა. ის სერიალის ნაწილს არ წარმოადგენს და მხოლოდ პერსონაჟების მაყურებლებისთვის გაცნობის ფუნქცია აქვს.

ფოტო: Netflix

ნეტფლიქსის ახალ სერიალში მთავარ როლებს ჯონ ჩო, მუსტაფა შაკირი და დანიელა პირედა შეასრულებენ. რაც მთავარია, სერიალის შექმნაში თავად შინიჩირო ვატანაბეა ჩართული, ხოლო ახალი პროექტისთვის მუსიკა Cowboy Bebop-ის ანიმეს კომპოზიტორმა იოკო კანომ დაწერა.

ფოტო: Netflix

Cowboy Bebop მაყურებლებმა პირველად 1998 წელს იხილეს, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ საინტერესო ისტორიის, პერსონაჟებისა და გამორჩეული მუსიკის წყალობით, ანიმე პოპულარულობას დღემდე არ კარგავს. რამდენად გაამართლებს ნეტფლიქსი გულშემატკივრების მოლოდინებსა და იმედებს, ამას ძალიან მალე გავიგებთ.

ამავე თემაზე: