პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მოსახლეობისთვის საინტერესო არ არის, შესთავაზა თუ არა მან ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს, კონსტანტინე შარაშენიძეს სამსახური არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის სანაცვლოდ. კითხვას, ადასტურებს თუ არა ამ ტიპის კომუნიკაციას შარაშენიძესთან, ღარიბაშვილმა ასე უპასუხა:

"იცით რა არის, ეს არ არის საინტერესო ჩვენი მოსახლეობისთვის. ჩვენს მოსახლეობას აინტერესებს, რომ მოვაგვაროთ მათი პრობლემები, სიღარიბე, სამუშაო ადგილების შექმნა, მეტი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დავაფინანსოთ და მეტად გავაკეთოთ ერთად საქმე".

ამ კითხვის დასმამდე ღარიბაშვილმა გაიხსენა 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები, როდესაც ორ მუნიციპალიტეტში ქართულ ოცნებას დამოუკიდებელმა კანდიდატმა მოუგო: ოზურგეთში — კონსტანტინე შარაშენიძემ, ხოლო თიანეთში — თამაზ მეჭიაურმა. მისი თქმით, ახლა მმართველი პარტიის ამოცანაა, "დაიბრუნონ" ეს ორი მუნიციპალიტეტი.

"პრეცედენტი იმისა, რომ ქართული ოცნების წევრი არ იყო მერი, დაფიქსირდა ჯერ კიდევ 2017 წელს. ახლა ჩვენი ამოცანა არის, რომ 20-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ ძლიერად არჩევნები და ეს ორი მუნიციპალიტეტიც დავუბრუნოთ [...]

ობიექტურად უნდა აღინიშნოს, რომ ვინაიდან ოზურგეთს ჰყავდა დამოუკიდებელი კანდიდატი [მერად] და ის მაინცდამაინც არ თანამშრომლობდა ცენტრალურ ხელისუფლებასთან, მოტივაციაც ნაკლები იყო და შესაბამისად, ნაკლები ინიციატივები მომდინარეობდა ადგილობრივ ხელისუფლებიდან ცენტრალურ მთავრობაში. ეს ერთგვარი წყვეტა იყო კავშირისა ადგილობრივ მუნიციპალიტეტსა და ცენტრალურ მთავრობას შორის", — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინფორმაცია, რომელიც პრემიერმინისტრმა არც უარყო და არც დაადასტურა, თავდაპირველად ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა. იგივე კითხვას ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

"ეს არის ფეიკი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. 5 000-ხმიანი უპირატესობით მოიგო ავთო თალაკვაძემ პირველი ტური და შეუძლია მარტივად მეორე ტურის მოგებაც. არავითარი კომუნიკაცია ჩვენ ამისათვის არ გვჭირდება", — განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის უარყოფის მიუხედავად, ინფორმაციის გადამოწმება თავად კონსტანტინე შარაშენიძესთან ვცადეთ. მან On.ge-სთან საუბრისას საუბრისას ეს ინფორმაცია უარყო.

"არა, არა, არჩევნების პერიოდში ჩემთვის არავის არაფერი არ შემოუთავაზებია", — განაცხადა შარაშენიძემ.

დამაზუსტებელ კითხვაზე, იყო თუ არა მსგავსი შემოთავაზება უფრო ადრე, შარაშენიძემ ასე გვიპასუხა:

"ჩვეულებრივად, მოქმედი მერი ვიყავი და ვინ რას ლაპარაკობდა და ვინ რას ზღაპრებს ყვებოდა, რა ვიცი [...] მერი ვიყავი და ვარ და კომუნიკაცია ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს, [მაგრამ] კანდიდატურის მოხსნა-არმოხსნა, ამნაირი რამე არ ყოფილა".

მოგვიანებით შარაშენიძის კომენტარი ფორმულამ გაავრცელა. მან ტელეკომპანიასთან საუბრისასაც თავდაპირველად უარყო ინფორმაცია, თუმცა შემდეგ მაინც დაადასტურა.

"ადრე იყო მაგაზე საუბარი, მაგრამ, რა თქმა უნდა, მე არ დავთანხმდი", — განაცხადა შარაშენიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს კონსტანტინე შარაშენიძე ქართული ოცნებიდან წამოვიდა და ოზურგეთის მერბის არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღო მონაწილეობა. მან ქართული ოცნების კანდიდატი, ბეგლარ სიორიძე დაამარცხა და მერი გახდა. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში შარაშენიძისა და ქართული ოცნების კანდიდატის, ავთანდილ თალაკვაძის შედეგები ასეთია:

  • ავთანდილ თალაკვაძე — 44,22%;
  • კონსტანტინე შარაშენიძე — 28,98%.

არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.