ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყოფილ ჯარისკაცებს შიმშილობის დაუყონებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მის მიერ ციხიდან გამოგზავნილ მორიგ წერილშია ნათქვამი.

"გავიგე, რომ საპატიმროში მყოფი სამხედროები შიმშილობენ ჩემთან სოლიდარობის ნიშნად, ისიც გავიგე, რომ მინიმუმ ერთი მათგანის, რომა შამათავას მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. რომა შამათავა არის საქართველოს ეროვნული გმირი, მინდა კი არ გთხოვოთ, არამედ, როგორც თქვენმა ყოფილმა უმაღლესმა სარდალმა, მოგთხოვოთ, დაუყონებლივ შეწყვიტოთ შიმშილობა, ჩემი მსხვერპლიც საკმარისია, ამ ეტაპზე. ძმური სიყვარულით, მიხეილ სააკაშვილი", — წერია წერილში, რომელიც ეკა ხერხეულიძემ წაიკითხა.

მიხეილ სააკაშვილისადმი სოლიდარობის ნიშნად რუსთავის ციხეში კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ირაკლი ფირცხალავა, კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი, რომან შამათავა და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე, გიორგი ცააძეც შიმშილობენ. ეკა ხერხეულიძის თქმით, შამათავას მდგომარეობა მძიმეა.

ექსპრეზიდენტი მე-19 დღეა შიმშილობს. ადვოკატების თქმით, სააკაშვილი მორალურად მხნედაა, თუმცა, ფიზიკური მდგომარეობა უფრო და უფრო რთულდება. დღეს, 19 ოქტომბერს სააკაშვილთან ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი შევიდა. კონსილიუმი სააკაშვილთან უკვე 2 საათია იმყოფება. მისი ადვოკატი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ შესაძლოა ექსპრეზიდენტის მდგომარეობა 3-4 დღეში ისე დამძიმდეს, რომ მისი ჰოსპიტალიზაცია გახდეს საჭირო. სააკაშვილის მეორე ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, კი ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობის შემთხვევაში ის ამაზე უარს არ იტყვის, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ სააკაშვილი სამკურნალოდ არა კერძო კლინიკაში, არამედ ციხის ჰოსპიტალში გადაიყვანოს. მანამდე, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილი "სიმულიანტი და პროფესიონალი აფერისტი კაცია". მისივე მტკიცებით, ექსპრეზიდენტს სურს, რომ ყველამ მის დიეტაზე და შიმშილობაზე ისაუბროს.