ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ვარდების რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის კონსტიტუცია "სუპერ პუტინისტური" გახადა. ქადაგიშვილის თქმით, უსამართლო თუ სამართლიანი, დღეს სასამართლო მაინც გვაქვს, ადრე კი მისის შეფასებით, სასამართლო პროკურატურის ნოტარიუსი იყო.

"არ არის ბატონებო და ქალბატონებო ასე მარტივად საქმე, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ. აი, ამ დარბაზში ვინც არ ზის, იმან საქართველოს კონსტიტუცია, ვარდების რევოლუციის შემდეგ რომ მოვიდა, აქცია სუპერ პუტინისტურ კონსტიტუციად, ეს გახსოვდეთ კარგად.

ქართულმა ოცნებამ დღეს რა საქმე გააკეთა იაგო ხვიჩია? ის საქმე გააკეთა, რომ საუკეთესო ევროპული სტანდარტების კონსტიტუცია გვაქვს. უსამართლო სასამართლო, სამართლიანი სასამართლო — დღეს სასამართლო გვაქვს, გვქონდა პროკურატურის ნოტარიუსი, დღეს გვაქვს სასამართლო", — ამბობს ქადაგიშვილი.

ქადაგიშვილმა ასევე თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა იმის გამო არ ზის პარლამენტში, რომ არ სურს ქვეყანაში დემოკრატია და ცდილობს შეიქმნას "რევოლუციური რეჟიმი.

"როდესაც ლაპარაკობენ, რომ არ ზის თურმე ნაციონალური მოძრაობა ამ დარბაზში და რატომ ლაპარაკობთ ნაციონალურ მოძრაობაზე, ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, როგორია პოლიტიკური ინფანტილიზმი. რას ჰქვია არ ზის? არ ზის, იმიტომ, რომ ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს პარლამენტი არ არსებობდეს. ყველაფერს აკეთებს ნაციონალური მოძრაობა, რომ საქართველოში არ არსებობდეს დემოკრატია. ყველაფერს აკეთებს ნაციონალური მოძრაობა იმისთვის, რომ საქართველოში შეიქმნას რევოლუციური რეჟიმი", — თქვა ქადაგიშვილმა.

პარლამენტში პლენალურ სხდომას ნაციონალური მოძრაბა არ ესწრებოდა. ოპოზიციამ კი ქართული ოცნება გააკრიტიკა. მაგალითად იაგო ხვიჩიამ, თქვა, რომ მუშაობის ნაცვლად პარლამენტში მხოლოდ "ნაცებზე" და "ქოცებზე" საუბრობენ.