"ეს არის თქვენი ორმაგი სტანდარტები, რასაც 30 ოქტომბერს დავასრულებთ", — უთხრა თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტს. ჟურნალისტმა კალაძეს ჰკითხა თუ მოსწონდა მას "მოქალაქეები ცოცხებით ხელში", რაზეც კალაძემ კითხვით უპასუხა და მედიის წარმომადგენელს უთხრა: "თქვენ მოგეწონათ ის, რაც ხდებოდა პირველი ტურის განმავლობაში ჩემი ოჯახის წინააღმდეგ?".

ამასთან, კალაძის თქმით, ჟურნალისტები "ძალიან ცუდად იქცეოდნენ", მაგრამ მას მედიასთან კომუნიკაცია არასოდეს გაუწყვეტია.

— პირველი ტური დასრულდა, რაღაც დავაკელიო, ხომ არ ფიქრობთ, რომ დააკელით კომუნიკაცია კრიტიკულ მედიასთან, ჩვენ შემოგთავაზეთ დებატები, ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს მიდგომა გადასახედია? დაჯდებით თუ არა ნიკა მელიასთან დებატებზე კრიტიკულ ტელეკომპანიებში?

— კომუნიკაცია მედიასთან არასდროს არ გამიწყვეტია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდად იქცეოდით, პირდაპირ ვიტყვი, შეურაცხყოფებით იყავით დაკავებული, ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ, კონკრეტული ოჯახის წევრების, ცოლი, ჩემი მშობლები, ბავშვების ბანერებზე წითელი საღებავების მისხმა, რატომ არ გამოხვედით? ხომ გული შეგტკივათ ყველაფერზე და დღეს, რომ ამას მესაუბრები, რატომ არ გამოხვედი, რატომ არ გააპროტესტე? ეს არის თქვენი ორმაგი სტანდარტები, რასაც 30 ოქტომბერს დავასრულებ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კახა კალაძე, ისევე, როგორც ქართული ოცნების ლიდერები ოპოზიციურ და კრიტიკულ მედიას თავს ესხმიან, კითხვებს არ პასუხობენ ან მათ მიმართ აგრესიულად არიან განწყობილნი. დიდი ხნის განმავლობაში ისინი საერთოდ უარს ამბობდნენ მათთან კომუნიკაციაზე, ეთერებში მისვლასა და ინდივიდუალური კომენტარების ჩაწერაზე.

მმართველი გუნდი მსგავსი დამოკიდებულების გამო არაერთხელ გააკრიტიკა მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ისინი აღნიშნავდნენ, რომ ეს აძლიერებს პოლარიზაციას და ჟურნალისტებს საფრთხეს უქმნის, რადგანაც ახალისებს ძალადობრივ ჯგუფებს.

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოსახლეობა მერებსა და საკრებულოების წევრებს ირჩევდა. თუმცა ამჯერად ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები — მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს. სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება. მეორე ტური ჩატარდება თბილისშიც.