ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციას არა ჩრდილოვან კაბინეტში, არამედ "ჩრდილში გადასვლა" მოუწევს. მისი განცხადებით, მმართველი პარტია მეორე ტურებში გაიმარჯვებს.

"რევკომის კიდევ ერთი გამოხატულება. არავითარი ჩრდილოვანი კაბინეტი, ბუნებრივია, არ იქნება. ჩვენ მოვიგეთ დამაჯერებლად პირველი ტური, მათი ე.წ. რეფერენდუმი და ასევე, ჩვენ მოვიგებთ მეორე ტურებს, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. აქედან გამომდინარე, მათ მოუწევთ ჩრდილში გადასვლა და არა ჩრდილოვან კაბინეტებში", — განაცხადა მან.

5 ოქტომბერს ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში აპირებენ დედაქალაქის მთავრობა დაასახელონ, რომელიც კოალიციური იქნება. მელიას თქმით, კონსულტაციები ყველა პოლიტიკურ პარტიასთან დაწყებული აქვთ და საზოგადოების წინაშე ერთიანი ჩრდილოვანი დედაქალაქის მთავრობით წარდგებიან.