პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ სპეკულაციაა, თითქოს ევროპარლამენტარები "ბრძნული სახით" გამოდიან და "ბრძნულ რჩევებს" გვაძლევენ. ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ღია წერილს, სადაც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ, ქართველი პოლიტიკოსებიც აწერენ ხელს. ოღონდ, აღნიშნა, რომ ამის შესახებ სხვებმა უთხრეს, რადგან თავად წერილი არ წაუკითხავს.

"მე მინდა ჩვენს მოსახლეობას ავუხსნა, რომ მუდმივი სპეკულირება მიმდინარეობს იმის თაობაზე, რომ ვიღაც ევროპარლამენტარი გამოდის ბრძნული სახით და გვაძლევს ბრძნულ რჩევებს. მე ერთ რამეს ვეტყვი ყველას, რომ ამ სიაში, მე სხვათა შორის არ მინახავს, მაგრამ რაც მომიყვნენ, ბევრი ქართული გვარებიც აღმოვაჩინეთ. როდის გახდნენ ქართველები ევროპარლამენტარები მე არ ვიცი", — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მას, ასევე, თქვა, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის. ღარიბაშვილის თქმით, მნიშვნელობა აქვს იმას, რას იტყვის ხალხი.

სამართლიანი სასამართლოს განაჩენამდე სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამოქვეყნებულ ღია წერილს 72 პოლიტიკოსი აწერს ხელს. მათ შორის არიან, ევროპარლამენტარები, ყოფილი პრეზიდენტები, ელჩები, მინისტრები. მათი განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის დაკავება პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას ემსახურება. ავტორები ხაზს უსვამენ სასამართლოსადმი არარსებულ ნდობას საზოგადოების მხრიდან და ამბობენ, რომ საერთაშორისო დაკვირვება ამ პროცესს წინსვლაში დაეხმარება.

გაიგე მეტი: