ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა, ვინც ხელ აწერს წერილს, იმ დანაშაულების თანამონაწილე ხდება, რაც ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს "მიუძღვის". ასე ეხმაურება ის წერილს, რომელსაც ხელს 72 ევროპელი პოლიტიკოსი აწერს.

"პრობლემა მდგომარეობს რაში — ვინც აწერს ხელს ასეთ წერილს, ის ხდება, რა თქმა უნდა, იმ დანაშაულის გარკვეულწილად თანამონაწილე, რომელიც მიუძღვის მიხეილ სააკაშვილს ქართული სახელმწიფოსა და ქართული საზოგადოების წინაშე. ეს არის რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე. ეს არ არის ის, რასაც ჰქვია ევროპული ღირებულებები. მე მოვუწოდებ ყველას, იმოქმედონ ევროპული ღირებულებების შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილს არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან", — განაცხადა კობახიძემ.

18 ოქტომბერს ევროპარლამენტარების, ყოფილი პრეზიდენტების, ელჩების, მინისტრების ღია წერილი გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს, სანამ მისთვის წაყენებული ბრალდებებისთვის სამართლიან სასამართლო პროცესზე წარსდგება.