პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის. ღარიბაშვილის თქმით, მნიშვნელობა აქვს იმას, რას იტყვის ხალხი.

ასე გამოეხმაურა ის ევროპარლამენტარების, ყოფილი პრეზიდენტების, ელჩების, მინისტრების ღია წერილს, სადაც საუბარია იმაზე, რომ სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარსდგომამდე მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს.

"კანონის აღსრულებას და სიმართლის და სამართლის აღსრულებას ჩვენს ქვეყანაში ვერავინ ვერ აღუდგება წინ. რამდენი ევროპარლამენტარიც არ უნდა გამოვიდეს, ჩვენ სრულად გამჭვირვალე პროცესი გვაქვს, ჩვენთან არის უზრუნველყოფილი კანონის უზენაესობა, შესაბამისად, ეს უნდა იყოს ყველასთვის ცხადი. აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის პირადად, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის, იმიტომ, რომ ჩვენთის მთავარი არის ჩვენი ხალხი რა სიტყვის", — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ის ამტკიცებს, რომ სააკაშვილს სასჯელი სამართლიანმა სასამართლომ გამოუტანა.

"სააკაშვილი წარსდგა მართლმსაჯულების წინაშე, მას ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი. ეს არის დადგენილი პროკურატურის, გამოძიების და სასამართლოს ყველა ინსტანციის მიერ, შესაბამისად, სამართლის აღსრულებას წინ ვერავინ ვერ აღუდგება", — ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

სამართლიანი სასამართლოს განაჩენამდე სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამოქვეყნებულ ღია წერილს 72 პოლიტიკოსი აწერს ხელს. მათი განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის დაკავება პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას ემსახურება. ავტორები ხაზს უსვამენ სასამართლოსადმი არარსებულ ნდობას საზოგადოების მხრიდან და ამბობენ, რომ საერთაშორისო დაკვირვება ამ პროცესს წინსვლაში დაეხმარება.