21-25 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრი კულტურული მემკვიდრეობა და გარემო ქართული კლდის ძეგლებზე მეწყრული საფრთხეების შესაფასებლად დისტანციური ზონდირების ტექნიკის გამოყენებაზე საველე სემინარს გამართავს.

ექსპედიციას გაუძღვება კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, მიხეილ ელაშვილია . სემინარში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების პროგრამის დოქტორანტები: გიორგი კირკიტაძე, ლევან ნავროზაშვილი, ლუკა ადეიშვილი და მაგისტრანტები: თეა მუნჩავა, მიშო ლობჯანიძე, გიორგი ლალუაშვილი.

საველე სემინარში მონაწილეობას მიიღებს მაგისტრანტი იზაბელა ფრულინი, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ფლორენციის უნივერსიტეტებს შორის 2021 წლის Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ერთი სემესტრი უნივერსიტეტში სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობს.

საველე სემინარზე სტუდენტები შეისწავლიან ქანების მდგომარეობის აღწერას, დამცავი ღონისძიებების გატარებასა და მონიტორინგს.

საველე სემინარი გაიმართება შემდეგ ადგილებში:

  • 21-22 ოქტომბერი, ვარძია;
  • 23 ოქტომბერი, უფლისციხე (კლდეში ნაკვეთი ქალაქი);
  • 24 ოქტომბერი, დავითგარეჯა (საბერეების მონასტერი და მრავალწყაროს მონასტერი);

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს კვლევის ცენტრი ფლორენციის უნივერსიტეტისა და ISPRA-ის კოლეგებთან ერთად უკვე მრავალი წელია კლდეში ნაკვეთ ისტორიულ ძეგლებზე კვლევა-მონიტორინგსა და გამაგრებით სამუშაოებს ახორციელებს. 2014 წელს დაწყებული სამუშაოს შედეგად სრულიად რეაბილიტირდა ვარძია, მუშაობა გრძელდება უფლისციხის, დავით გარეჯისა და ვანის ქვაბების ძეგლებზე.