მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემების მიხედვით, საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის თითქმის ნახევარი, 47,8% დსთ-ის ქვეყნებში გადის, 14,9% — ევროკავშირში, ხოლო სხვა ქვეყნების წილი 37,3%-ია.

საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოდან უცხოეთში სულ 2,98 მილიარდი დოლარის საექსპორტო საქონელი გავიდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემს 24%-ით აღემატება.

თუ მთავარ სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების მონაცემებს შევხედავთ, ვნახავთ, რომ იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77,6% შეადგინა. მთავარი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (478,3 მილიონი დოლარი), რუსეთი (426,2 მილიონი დოლარი) და აზერბაიჯანი (400,2 მილიონი დოლარი).

ასეთია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ყველაზე მეტი მოცულობის საქონელი გავყიდეთ:

  1. ჩინეთი — 478,3 მილიონი დოლარი, ზრდა გასული წლის იმავე პერიოდთან — 34,2%;
  2. რუსეთი — 426,2 მილიონი დოლარი, ზრდა — 38,1%;
  3. აზერბაიჯანი — 400,2 მილიონი დოლარი, ზრდა — 22,3%;
  4. თურქეთი — 233,3 მილიონი დოლარი, ზრდა — 63,4%;
  5. უკრაინა — 216 მილიონი დოლარი, ზრდა — 48,8%;
  6. სომხეთი — 171,3 მილიონი დოლარი, ზრდა — 23,1%;
  7. ბულგარეთი — 147,4 მილიონი დოლარი, კლება — 35,8%;
  8. აშშ — 120,3 მილიონი დოლარი, ზრდა — 103,8%;
  9. ყაზახეთი — 61 მილიონი დოლარი, ზრდა — 69%;
  10. უზბეკეთი — 59,8 მილიონი დოლარი, ზრდა — 19,9%;

გარდა ამისა, მიმდინარე წელს კიდე 667,6 მილიონი დოლარის საქონელი გავიტანეთ ექსპორტზე.

აღსანიშნავია, რომ სავაჭრო ბრუნვის მიხედვით (ექსპორტის და იმპორტის ჯამი) სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების რეიტინგი ამგვარად ნაწილდება: თურქეთი (1,48 მილიარდი დოლარი), რუსეთი (1,15 მილიარდი დოლარი) და ჩინეთი (1,08 მილიარდი დოლარი).

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის მდგომარეობით, მთავარი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები და კონცენტრატებია, იმპორტის ნაწილში კი მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი ლიდერობს.

გაიგეთ მეტი: