საერთაშორისო ჯგუფ ვიონის წევრი, ბილაინი მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო ჰაკათონის — NASA Space Apps Challenge-ის ადგილობრივი კონკურსის ტრადიციული მხარდამჭერია. NASA Space Apps 323 სხვადასხვა ადგილას 48 საათზე დიდხანს მიმდინარეობს და აერთიანებს კოდერებს, მკვლევარებს, დიზაინერებს, მშენებლებს, ტექნოლოგებსა და შემოქმედებით ადამიანებს სხვადასხვა გამოწვევასთან გასამკლავებლად. წლევანდელი Space Apps-ის ღონისძიება ონლაინ, 2-3 ოქტომბერს ჩატარდა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით 28 286 მონაწილე ჰყავდა.

საქართველოში ჰაკათონი Tbilisi Startup Büro-ს ორგანიზებით და კერძო და საჯარო სექტორის მხარდაჭერით ტარდება. პროექტი ქართველ მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, NASA-ს მიერ წარმოდგენილი გამოწვევიდან ერთ-ერთის გადაწყვეტა მოიფიქრონ, გაიმარჯვონ, მიიღონ ფულადი პრიზები და გლობალური ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძოლონ.

NASA Space Apps Challenge Tbilisi 2021-ის გამარჯვებული გახდა გუნდი Starship Enterprise. გუნდი კომაროვის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისგან შედგება: დემეტრე საზონოვი, სანდრო ღლონტი, გიორგი ჩხიკვაძე და სანდრო ლორთქიფანიძე. გუნდმა 1881 წელს შექმნილი მატარებლის დამაკავშირებელი მექანიზმის (Janney coupler) მოდელზე ააგო ისეთი მექანიზმი, რომელიც შეძლებს კოსმოსური ობიექტების დაკავშირებასა და განცალკევებას მცირე იმპულსის შექმნით. ეს კი შესაძლებელს გახდის კოსმოსში მოგზაურობასა და მოქმედებებს აფეთქების გამოწვევის რისკის გარეშე.

ბილაინი მისი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, აქტიურად აგრძელებს საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემისა და ინოვაციების განვითარების მხარდაჭერას. კომპანიის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლებობების გაჩენასა და მათ მოტივაციას. Tbilisi Startup Büro-სა და ბილაინს შორის თანამშრომლობა NASA Space Apps Challenge-ის ფარგლებში პირველად 2019 წლის ოქტომბერში შედგა და მას შემდეგ უწყვეტად მიმდინარეობს.

"ბილაინი მხარს უჭერს ქვეყანაში ინოვაციების განვითარებას და ხელი უწყობს ახალგაზრდების მოტივაციას შექმნან ახალი. ჩვენ 2019 წლიდან NASA Space Apps-ის პარტნიორები ვართ და გვეამაყება რომ, ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი საინტერესო იდეა გაჩნდა ჰაკათონზე. გვჯერა, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევენ ქართველი მეცნიერები და NASA-სთან აქტიურად ითანამშრომლებენ მსოფლიოს პრობლემების გადაჭრის მიზნით", — აცხადებენ ბილაინში.

ღონისძიების თანაორგანიზატორის, გური ქოიავას განცხადებით, პროექტის ფარგლებში სამომავლოდ შეხვედრა აბასთუმნის ობსერვატორიაში გაიმართება.

"მინდა მივულოცო გამარჯვებულ გუნდს, კომაროვის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს და წარმატებები ვუსურვო გლობალური პრობლემების მოგვარებაში. NASA Space Apps Challenge-ის ფარგლებში ჩვენ მომავალ წელს შევხვდებით, უკვე აბასთუმნის ობსერვატორიაში, სადაც გვჯერა, რომ ახალ ტალანტებს აღმოვაჩენთ. მონაწილეები დედამიწაზე და კოსმოსში პრობლემების დაძლევაში მიიღებენ მონაწილეობას. პროექტის განხორციელებაში უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ ჩვენს პარტნიორებს. სწორედ მათი ჩართულობით ვახერხებთ გავზარდოთ მასშტაბები და კიდევ უფრო მეტ მონაწილეს მივცეთ მოტივაცია, ჩაერთონ მსოფლიო პრობლემების მოგვარებაში", — განაცხადა მან.