საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე თეოლოგ გოჩა ბარნოვს ეკლესიის წინააღმდეგ ავანტიურის დაგეგმვაში ადანაშაულებს. ჯაღმაიძის მტკიცებით, აქვს ინფორმაცია, რომ ბარნოვი და თამარ მესხი სტამბულში კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოს პირველთანთან მიემგზავრებიან და ბარნოვი მას ენმ-ს მხარდაჭერას სთხოვს.

"ჩემი ინფორმაციით, (წყაროს არ დავასახელებ) საქართველოს ეკლესიისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებს შორის ურთიერთობის საზიანოდ, მორიგი ავანტიურა იგეგმება გოჩა ბარნოვისგან.

ერთ-ერთი საქართველოს ეკლესიის სინოდის წევრის (სახელს არ დავასახელებ, ჯერჯერობით) დაფინანსებით, ხვალ, 19 ოქტომბერს გოჩა ბარნოვი და თამარ მესხი მიემგზავრებიან სტამბულში მის ყოვლადუწმინდესობა, კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოს პირველთანთან", — წერს ის ფეისბუქგვერდზე.

მისივე თქმით, თეოლოგი შეხვედრაზე იტყვის, რომ ნაციონალური მოძრაობის და სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებს. ასევე, ჯაღმაიძე ამტკიცებს, რომ ბარნოვი გეგმავს, მსოფლიო პატრიარქს სთხოვოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ენმ-ისა და მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი განცხადების საჯაროდ დაფიქსირება.

პასუხად თეოლოგი, გოჩა ბარნოვი ადასტურებს, რომ მსოფლიო საპატრიარქოში მიდის, რათა ბართლომეოს გაპატრიარქების 30 წელი მიულოცოს. რაც შეეხება ბრალდებას, მისი თქმით, რომც ილაპარაკოს უკრაინის ავტოკეფალიაზე, ეს ავანტიურა არ არის და ავანტიურაა, როდესაც საპატრიარქოდან მიდიან მოსკოვში და იქ კონფერენციას ესწრებიან.

"შესაძლოა, ნათქვამი მაქვს სადღაც, რომ ყოფილიყო სხვა ხელისუფლება, თუნდაც იგივე სააკაშვილის, უფრო ადვილად მოხდებოდა აღიარება. შეიძლება, აქედან აქვს რაღაც დასკვნა გამოტანილი, თურმე მე რა უნდა ვუთხრა ბართლომეოს ან რა უნდა შევთავაზო. [...] თუნდაც რომ ვილაპარაკო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის თემაზე, რა არის ამაში ავანტიურა? მე მინდა, რომ საქართველოს ეკლესიამ აღიაროს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, რა არის ამაში ავანტიურული არ მესმის", — ამბობს ბარნოვი.