რაიან რეინოლდსს ახალ ფილმებში მონაწილეობას დროებით აღარ მიიღებს. ამის შესახებ მსახიობმა ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომელშიც გულშემატკივრებს ბოლო ფილმის — Spirited-ის გადაღებების დასრულების შესახებ აცნობა.

რაიანმა ფილმის გადაღებაში ჩართულ ადამიანებს მადლობა გადაუხადა და შვებულებაში გასვლაც დაანონსა:

"Spirited-ის გადაღება დავასრულეთ. მეეჭვება, თუნდაც 3 წლის წინ ვყოფილიყავი მზად, რომ ასეთი რთული ფილმის გადაღებას დავთანხმებოდი...ფილმებზე მუშაობისგან შემოქმედებითი შვებულების ასაღებად იდეალური დროა", — წერს რაიან რეინოლდსი.

როგორც ყოველთვის, სასაცილო კომენტარის დასაწერად რაიანის ცოლი, ბლეიკ ლაივლიც უმალვე გამოჩნდა:

"მაიკლ კეინმა დაგასწრო", — წერს ბლეიკ ლაივლი.

რამდენიმე დღის წინ 88 წლის მსახიობმა, მაიკლ კეინმა განაცხადა, რომ Best Sellers შესაძლოა მისი ბოლო ფილმი ყოფილიყო. ამ განცხადებამ, რა თქმა უნდა, საზოგადოების ყურადღება მაშინვე მიიპყრო. კეინი მოგვიანებით გულშემატკივრების რეაქციას ტვიტერზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსახიობობას თავს არ ანებებს.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ აისახება რაიანის შვებულება მის მომდევნო პროექტებზე, მაგალითად, Deadpool 3-ზე. თუმცა თუ რაიანის აქტიურ კარიერას გადახედავთ, დარწმუნდებით, რომ შესვენება ნამდვილად ესაჭიროება.

მხოლოდ წელს რაიანის მონაწილეობით ორი ფილმი — The Hitman's Wife's Bodyguard და Free Guy გამოვიდა, მალე კი Red Notice-საც ვიხილავთ, მომავალში კი მისთვის კიდევ რამდენიმე როლია განსაზღვრული. მოკლედ, რაიან რეინოლდს ძალების მოკრება ნამდვილად არ აწყენდა!