რუსი მსახიობი, იულია პერესილდი კინორეჟისორ კლიმ შიპენკოსთან ერთად ჩვენი პლანეტის გარშემო მოძრავ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ფილმის გადაღების შემდეგ, დედამიწაზე დაბრუნდა. ისინი ორბიტაზე 12 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

ხომალდი Soyuz MS-18 ყაზახეთის სტეპზე მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, თბილისის დროით 08:35 საათზე დაეშვა. აპარატმა ხმელეთზე რუსი კოსმონავტი, ოლეგ ნოვიცკიც ჩამოიყვანა, რომელმაც სადგურზე 191 დღე გაატარა. აღსანიშნავია, რომ მან სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმშიც მიიღო მონაწილეობა.

კინოსურათს "გამოწვევა" ჰქვია, ხოლო მისი სიუჟეტი ქირურგის გარშემო ვითარდება, რომელიც კოსმონავტის სიცოცხლის გადასარჩენად საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მიემგზავრება. როგორც ცნობილია, მასში ISS-ში გადაღებული 35-40-წუთიანი მოქმედებები შევა.

ფილმში ქირურგის როლს სწორედ იულია პერესილდი ასრულებს, პაციენტისას კი — ოლეგ ნოვიცკი. რაც შეეხება კლიმ შიპენკოს, მან კინოოპერატორის, ხმის რეჟისორისა და გრიმიორის ფუნქციები შეითავსა. კადრში მოხვდნენ კოსმონავტები, ანტონ შკაპლეროვი და პიოტრ დუბროვი, რომლებიც ორბიტაზე 5 ოქტომბერს მათთან ერთად გაემგზავრნენ.

Soyuz MS-18 რუსულ მოდულ Nauka-ს თბილისის დროით 05:13 ჩამოშორდა, დედამიწისკენ დაიწყო სვლა, ატმოსფეროში შემოვიდა და ხმელეთზე პარაშუტის მეშვეობით, უსაფრთხოდ დაეშვა.

ასევე, იხილეთ: Star Trek-ში კაპიტან ჯეიმს კირკის როლის შემსრულებელი კოსმოსში გაფრინდა — ნახეთ ვიდეო

ეკიპაჟის წევრებს კაფსულიდან გადმოსვლაში ადგილზე მობილიზებული ჯგუფი დაეხმარა. მათ პირველადი სამედიცინო შემოწმებაც ჩაუტარდათ, რის შემდეგაც ვერტმფრენით ყაზახეთის ქალაქ ყარაღანდაში გადაიყვანეს. ისინი მოსკოვში მდებარე სპეციალურ დაწესებულებაში 10-დღიან რეაბილიტაციას გაივლიან.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.