ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ დაუმსახურებელი თავდასხმები ვერ შეარყევს მის რწმენას და სიყვარულს "დედა ეკლესიის" მიმართ.

"ძლიერ გულსატკენი, არაადამიანური და დაუმსახურებელი თავდასხმები, საიდანაც არ უნდა იყოს ნაკარნახევი, ვერ შეარყევს ჩემს რწმენას მთლიანობაში და ვერც ჩემს სიყვარულს ჩვენი დედა ეკლესიის მიმართ", — წერს სააკაშვილი Facebook გვერდზე.

ექსპრეზიდენტის ამ პოსტს წინ უძღოდა 17 ოქრომბერს სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის, პატრიარქის მოსაყდრის, შიო მუჯირის განცხადებები. მან თქვა, რომ ბოროტება ზოგჯერ სამართლიანი სასჯელით უნდა აღიკვეთოს, უკიდურეს შემთხვევაში კი ბოროტების ჩამდენი ადამიანი "უნდა მოვიკვეთოთ". პატრიარქის მოსაყდრემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ როცა "საყოველთაო შერიგებაზე" საუბრობენ, არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას.

"საყოველთაო შერიგებაზე" განცხადება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით რამდენიმე სასულიერო პირმა გააკეთა. მათ შორისაა, ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი. ის სააკაშვილის სანახავად რუსთავის ციხეშიც იმყოფებოდა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტს სთხოვა, მოუწოდოს თავის მომხრეებს, რომ "ვიფიქროთ ყველამ შერიგებაზე".

სააკაშვილის სანახავად მივიდა მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტი მელქისედეკ ხაჩიძეც. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან განაცხადა, რომ "აუცილებელია ჩვენი ერის საყოველთაო შერიგება".

როგორც ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა, ისე მელქისედეკ ხაჩიძემ ხელი მოაწერეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას. მოთხოვნას კიდევ არაერთი სასულიერო პირი შეუერთდა.