ცოტა ხნის წინ ქენდის ბუშნელმა, რომლის წიგნის მიხედვითაც საკულტო სერიალი Sex and The City-ია გადაღებული, სერიალის ძველ და ახალ სეზონებზე ილაპარაკა. იმ ფანებზე საუბრისას, რომლებიც სერიალს აღმერთებენ და საკუთარ ცხოვრების სტილსაც მას უსადაგებენ, ქენდის ბუშნელმა აღნიშნა, რომ Sex and The City ფემინისტური სულაც არაა და მის მიხედვით ცხოვრება ქალების მთავარი მიზანი არ უნდა იყოს.

ბუშნელი ცხოვრებაში მისტერ ბიგის მსგავსი კაცის ძიებას საუკეთესო გადაწყვეტილებად არ მიიჩნევს. აღსანიშნავია, რომ სერიალის გულშემატკივართა ნაწილი საოცნებო პარტნიორის მაგალითად სწორედ მისტერ ბიგს მიიჩნევს.

"ამის შესახებ არასდროს ვსაუბრობთ, მაგრამ ქალებმა ამაზე უნდა იფიქრონ: როცა კაცზე ხარ დამოკიდებული, შედარებით ნაკლები რამ შეგიძლია. სერიალი და მისი საბოლოო გზავნილი ფემინისტური არაა, მაგრამ ეს ტელევიზიაა, ეს გართობაა. სწორედ ამიტომ, ხალხმა საკუთარი ცხოვრება სერიალის მიხედვით არ უნდა წარმართოს", — ამბობს მწერალი.

Sex and The City ქენდის ბუშნელის ნოველების მიხედვითაა გადაღებული. სერიალი 2004 წელს დასრულდა, მასზე გადაღებული მეორე ფილმი კი 2010 წელს გამოვიდა. დეკემბერში Sex and The City-ის ახალი სეზონი, სახელად And Just Like That… გამოვა.

ქენდის ბუშნელს ახალი სეზონის გადაღების გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებია. თვლის, რომ HBO ფულის გამომუშავებას ყველანაირად ეცდება. მართალია, ახალი სეზონის შესახებ დეტალები არ იცის, თუმცა სერიალის ყურებას აპირებს.

აღსანიშნავია, რომ ახალ სეზონში ძველ და კარგად ნაცნობ პერსონაჟთაგან ვერ ვნახავთ კიმ კეტრელს, რომელიც სამანტას როლს ასრულებდა. ამან ფანების დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა ქენდის ბუშნელი კიმის გადაწყვეტილებას ამართლებს. მისი თქმით, შესაძლოა, კიმს სამანტას როლის მორგება აღარ უნდა და სხვა საქმეზე კონცენტრირება სურს.

გაამართლებს თუ არა სერიალის ახალი სეზონი გულშემატკივრების იმედებსა და მოლოდინებს, ამას მალე — დეკემბერში გავიგებთ.

ამავე თემაზე: