ჩინეთმა ჰიპერბგერითი, ბირთვული შესაძლებლობების მქონე რაკეტა გამოსცადა, რომელსაც შეუძლია დედამიწას შემოუფრინოს მანამ, სანამ სამიზნეს მიაღწევს. აღნიშნული ტესტირების შესახებ აშშ-ის დაზვერვის სამსახურებისთვის მოულოდნელად გახდა ცნობილი.

როგორც ცნობილია, ახალი ჰიპერბგერითი რაკეტა და მისი მატარებელი ორბიტაზე მთვარის მისია Chang’e-5-ის ფარგლებში გაშვებულმა რაკეტამ გაიტანა.

Financial Times-ის თანახმად, ტექნოლოგია აჩვენებს მოწინავე კოსმოსურ შესაძლებლობებს, რაც მეტყველებს ჩინეთის პროგრესზე ჰიპერბგერითი იარაღის შექმნის კუთხით.

The Independent-ის ცნობით, რაკეტა ერთგვარ ჰიპერბგერით მატარებელს გადაჰქონდა, რომელიც დედამიწის დაბალ ორბიტაზე მოძრაობდა მანამ, სანამ სამიზნისკენ აიღებდა გეზს. აღსანიშნავია, რომ ის ტესტირებისას სამიზნეს 38 კილომეტრით ასცდა.

იარაღის ტესტირებამ წარმოშვა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ აფასებდა აშშ სათანადოდ ჩინეთის სამხედრო ტექნოლოგიებს.

"არ ვიცით ეს როგორ მოახერხეს", — განუცხადა Financial Times-ს აშშ-ს დაზვერვის წარმომადგენელმა.

ცნობილია, რომ ჩინეთი, აშშ და რუსეთი მუშაობენ ჰიპერბგერითი იარაღის შექმნაზე, მათ შორის კი ორბიტაზე მოძრავ რაკეტის მატარებლებზე, თუმცა, აღნიშნული შემთხვევისგან განსხვავებით, ისინი დედამიწის გარშემო საკუთარი იმპულსის ხარჯზე მოძრაობენ.

ჩინეთის მიერ გამოცდილი ჰიპერბგერითი იარაღი ბგერის სიჩქარეზე ხუთჯერ სწრაფია და მიუხედავად იმისა, რომ ბალისტიკურ რაკეტეაზე ნელია, მანევრირებადია და არ მიჰყვება ფიქსირებულ პარაბოლურ ტრაექტორიას. ეს კი მის თვალთვალსა და შესაბამისად, გაუვნებელყოფას ართულებს.

ტეილორ ფრაველი, ჩინეთის ბირთვული პოლიტიკის ექსპერტი FT-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ამ ახალ ტექნოლოგიას შეუძლია გაარღვიოს აშშ-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემა, რომელიც ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებლადაა შექმნილი.

"ჰიპერბგერითი სარაკეტო ტრანსპორტი... დაფრინავს დაბალ ტრაექტორიაზე და შეუძლია მანევრირება ფრენისას, რაც მისთვის თვალის მიდევნებასა და განადგურებას ართულებს", — ამბობს ტეილორ ფრაველი.

ჩინეთის წარმომადგენელმა, ლიუ პენგიუმ განაცხადა, რომ ჩინეთი ყოველთვის ატარებდა პოლიტიკას, რომელიც თავდაცვაზე იყო ორიენტირებული და არა რომელიმე ქვეყანაზე თავდასხმაზე.