აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ რუსეთმა ჯერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს და შემდეგ ილაპარაკოს ახალი ფორმატების შექმნაზე. ასე უპასუხა მან პრესკონფერენციაზე კითხვას 3+3 ფორმატის შესახებ.

ჟურალისტმა მას უთხრა, რომ საქართველოში გაისმა მოსაზრებები ამ ფორმატში რაიმე ფორმით შესაძლო ჩართულობის შესახებ და ჰკითხა, დააზიანებს თუ არა ეს ქვეყანას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. პასუხად ოსტინმა განაცხადა, რომ მიკროფონის ხარვეზის გამო პირველი კითხვა ვერ გაიგო, მაგრამ 3+3-ზე მისთვის გასაგები იყო და ასე უპასუხა:

"ამ საკითხზე მე უბრალოდ აღვნიშნავდი, რომ რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, უნდა სცემდეს პასტივს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს", — განაცხადა მან. [საგარეო საქმეთა სამინისტროს თარგმანი]

3+3 ინიციატივა გულისხმობს რეგიონული ფორმატის თანამშრომლობას თურქეთს, ირანს, რუსეთს, აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს შორის. 7 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ "ძალიან ძნელია დაჯდე ამ ფორმატში" რუსეთთან ერთად ოკუპაციის პირობებში. თუმცა, აღნიშნა ისიც, რომ აუცილებელია, საქართველო ჩართული იყოს ყველა მნიშვნელოვან რეგიონულ პროექტში, მაგრამ "არა სახელმწიფო ინტერესების და ოკუპანტთან რაღაცა დათმობის ხარჯზე". მინისტრის ნათქვამმა კრიტიკა გამოიწვია. პასუხად საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ზალკალიანის ინტერვიუს არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა. მათი თქმით, არაერთხელ განაცხადეს, რომ არ განიხილავენ ე.წ. 3+3 ფორმატში მონაწილეობას რუსეთთან ერთად.