ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდება მას შემდეგ, რაც სასჯელს მოიხდის.

"მას აქვს კონკრეტული დანაშაული ჩადენილი [...] სააკაშვილი იმყოფება იქ, სადაც უნდა იმყოფებოდეს. ჩვენ ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში თავისუფლება მიშას. მიშას აუცილებლად ექნება თავისუფლება მას შემდეგ, როდესაც მოიხდის სასჯელს", — განაცხადა კახა კალაძემ.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით არაერთი აქცია ჩატარდა. მათ შორის, ყველაზე მასშტაბური 14 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე, სადაც ამ ლოზუნგის ქვეშ რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი გაერთიანდა.

მიხეილ სააკაშვილი 18 დღეა შიმშილობს. 10 ოქტომბერს, დაკავებიდან და შიმშილობის გამოცხადებიდან მე-10 დღეს, ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა. მომდევნო დღეს სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ საკითხებით უტრირება არ ღირს.

13 ოქტომბერს, იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებს, ასევე სახალხო დამცველსა და დეპუტატებს შორის უწყებათაშორისი შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ შეიქმნებოდა ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის. სააკაშვილის ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძის რეკომენდაციაა, ექიმების კონსილიუმმა რაც შეიძლება მალე მოინახულოს ექსპრეზიდენტი.

გაიგე მეტი: