ევროპული საქართველო კომპანია ალმას სასამართლოში უჩივის. პარტიის წარმომადგენლებმა, გიორგი ნონიაშვილმა და ბესიკ დონაძემ სასამართლოში სარჩელი დღეს შეიტანეს. აღნიშნული ალმას მიერ ევროპული საქართველოს იმ ბილბორდების არგანთავსებას ეხება, რომელზეც ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი სატირულად არის გამოსახული.

"მას [ალმას] მოუწევს სასამართლოშიც ჩვენთვის პასუხების გაცემა და ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება, მათ შორის, იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მოგვაყენა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში. ჩვენ არ გვქონდა წინასაარჩევნო კამპანიის სრულფასოვნად წარმოების შესაძლებლობა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს პოლიტიკურ სატირას მთელი სახელმწიფო აპარატი, პოლიცია, დასუფთავების სამსახური ებრძოდა — ხევდნენ პლაკატებს პირდაპირ, ხილულად, როცა კანონით გვქონდა ამის უფლება — არამედ ბიზნესკომპანიებიც კი, რომელსაც საერთო არ აქვს სახელმწიფოსთან, ებრძოდა ამას", — განაცხადა ნონიაშვილმა.

ევროპულმა საქართველომ კომპანია ალმას ბანერის განთავსების მოთხოვნით 29 სექტემბერს მიმართა. პარტიის ცნობით, ალმამ 30 სექტემბერს მათ განთავსებაზე მზადყოფნა გამოთქვა. მიუხედავად იმისა, რომ ბილბორდების გაკვრის ვადა 8 ოქტომბერს ამოიწურა, ალმას ბანერები არ განუთავსებია.

აღსანიშნავია, რომ ალმა სიძულვილის ენის შემცველი ბანერების განთავსების კანონით აკრძალვას ითხოვს, რასთან დაკავშირებითაც კომპანიამ საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით 4 ოქტომბერს მიმართა. აქამდე ალმამ სიძულვილის ენის შემცველი ბანერების ქალაქში განთავსება დაუშავა. კერძოდ, 17 სექტემბერს, თბილისში გვიან ღამით ბანერი წარწერით "არა ნაცებს, არა ბოროტებას" გამოჩნდა.

საქართველოს პარლამენტში იურიდიულმა კომიტეტმა ალმას ინიციატივა 8 ოქტომბერს განიხილა. კომიტეტის შეფასებაში ვკითხულობთ, რომ მათ "დადებითად შეაფასეს წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება და მის მიღებასაც მიზანშეწონილად მიიჩნევენ.