მთავრობის გადაწყვეტილებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურებამდე ორი კვირით ადრე, 198 დევნილს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთები გადაეცათ. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურანავმ ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული ნაკვეთები ამ პირების ფაქტობრივ მფლობელობაშია.

ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ ჰგავს ეს გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის გულის მოგებას, თურნავა პასუხობს, რომ მთავრობა იმ პოლიტიკას აგრძელებს, რისი "ერთგულიც" წლების განმავლობაშია.

"ეს ტრადიციული შეკითხვაა, მაგრამ ვინც გადახედავს ისტორიას და სტატისტიკას, რამდენჯერ გამოვიტანეთ ჩვენ დევნილების საკითხი და რამდენ დევნილთან დაკავშირებით პრობლემა დადებითად გადავწყვიტეთ?

დაწყებული მათი საცხოვრისის უზრუნველყოფით და დამთავრებული მიწებისა თუ საცხოვრებელი ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართების დაკანონებით, ნახავთ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა მაინც და მაინც, წინასაარჩევნო პერიოდში", — აცხადებს ის.

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოსახლეობა მერებსა და საკრებულოების წევრებს ირჩევდა. თუმცა ამჯერად ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები — მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს. სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება. მეორე ტური ჩატარდება თბილისშიც. მეორე ტურები საქართველოში 30 ოქტომბერს გაიმართება.