ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ ვაქცინაციისთვის ე.წ. ირიბი იძულების მეთოდებს არ განიხილავენ, რადგან ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია. თუმცა, თურნავამ აღნიშნა, რომ ის მიესალმება კერძო ბიზნესების ინიციატივას, თავად გახდნენ მწვანე სტატუსის მატარებლები.

"ზოგიერთი ევროპული ქვეყანა მიყვება ამ გზას. ე.წ. ირიბი იძულების მეთოდები შემოიღო და რესტორნებში, სასტუმროებში, შოპინგმოლებში აუცრელი ადამიანები ვეღარ შედიან, თუმცა ეს ისეთ ქვეყნებში ხდება, სადაც აცრის დონე და აცრილთა რაოდენობა არის საკმაოდ მაღალი — 60%, 70% და ეს შედარებით, ასე ვთქვათ, უმტკივნეულოდ ხდება იქ.

ჩვენ ჯერჯერობით იძულების ზომებს არ განვიხილავთ, თუმცა მივესალმები მე პირადად ცალკეული ბიზნესების ინიციატივებს, რომ გახდნენ თვითონ, ე.წ. მწვანე სტატუსის მატარებელი და თავისი გადაწყვეტილებით, მათ აქვთ უფლება, რომ რეგულაციები თავისი ობიექტის შიგნით შემოიღონ", — აცხადებს თურნავა.

ქვეყანაში ჩატარებული აცრების რაოდენობაა — 1 899 938, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 892 410 ადამიანი.

18 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 479 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 2 374, ხოლო გარდაიცვალა 42 ადამიანი.