საერთაშორისო გამჭირვალობა — საქართველოს განცხადებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებმა არჩევნებთან დაკავშირებული მათი არცერთი მნიშვნელოვანი სარჩელი და საჩივარი არ დააკმაყოფილა.

"ორგანიზაციამ საარჩევნო კომისიებში 42 საჩივარი დაწერა, საქალაქო/რაიონულ სასამართლოებში 7 სარჩელი შეიტანა, ხოლო 4 შემთხვევაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. საბოლოოდ, აქედან საოლქო საარჩევნო კომისიებმა და სასამართლოებმა დააკმაყოფილეს 4 საჩივარი და 1 სარჩელი, რომლებშიც მოთხოვნილი იყო საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლის მიმართ დისციპლინური ზომის გატარება", — ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაციაში ასევე ამბობენ, რომ ოქმებში არსებული დისბალანსის გამო, მოთხოვნილი 12 უბნიდან საოლქო კომისიებმა ბიულეტენები ხელახლა არცერთში, ხოლო შემთხვევითი შერჩევით 7 უბანში გადათვალეს. მათივე ცნობით, გადათვლილი უბნების შედეგად ქართულ ოცნებას 1 ხმა მოაკლდა. გარდა ამისა, 1 ხმა მოემატა ნაციონალურ მოძრაობას, გახარიას პარტიას — 10, გირჩს — 24, საქართველოს განვითარების პარტიას — 1. ამასთან, ორგანიზაციის ინფორმაციით, ბათილი ბიულეტენების რაოდენობა 39-ით, მოსული ამომრჩეველთან რაოდენობა კი 30–ით გაიზარდა.

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოსახლეობა მერებსა და საკრებულოების წევრებს ირჩევდა. თუმცა ამჯერად ეს არ იყო მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები — მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებდა. სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო.

30 ოქტობერს 20 მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მეორე ტური ჩატარდება თბილისშიც.