Indian Wells Masters-ის ფინალში ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი კამერონ ნორის დაუპირისპირდა და ჩოგბურთის სამყაროში ამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირის გამარჯვებული ეს უკანასკნელი გახდა: ბრიტანელმა სპორტსმენმა ბასილაშვილი 3-სეტიან ბრძოლაში ანგარიშებით 3:6, 6:4 და 6:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა Indian Wells Masters-ის ფინალში პირველად ითამაშა. ფინალამდე ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირში 5 მოწინააღმდეგე დაამარცხა, რომელთა შორისაც იყო მსოფლიოს მესამე ჩოგანი სტეფანოს ციციპასი.

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ინფორმაციით, "მიუხედავად ფინალში განცდილი მარცხისა, ამერიკის მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია. ATP 1000 Masters Indian Wells ზე ფინალური შეხვედრა ჩაატარა და განახლებული რეიტინგით 2066 ქულით 27-ე პოზიციაზეა".

საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ჩოგბურთელს ყოფილი ცოლი, ნეკა დოროყაშვილი ძალადობაში ადანაშაულებს. აღნიშნული ბრალდებით ის გასული წლის მაისში დააკავეს. ნიკოლოზ ბასილაშვილს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ძალადობაში ედება ბრალი. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ამასთან, შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული როგორც ჩოგბურთელის, ისე მისი მშობლების მიმართ.