სახალხო დამცველის განცხადებით, მას შემდეგ, რაც პენიტენციურმა სამსახურმა და ხელისუფლებამ გააკეთეს განცხადებები, თითქოს მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის დროს იღებდა თაფლსა და წვენს, სხვა მოშიმშილეებს გაუჩნდათ შიში, რომ მცირე ოდენობით ტკბილს თუ მიიღებენ, რამაც შესაძლოა მათი სიცოცხლე გადაარჩინოს, შეიძლება პენიტენციურმა ეს გაამჟღავნოს.

"მე-12 დაწესებულებაში შიმშილობენ სხვა პატიმრებიც, მკაცრი ფორმებით და იმის გამო, რომ სააკაშვილის მიმართ გაჟღერდა მსგავსი ბრალდებები, რომ იღებს თაფლს, წვენს და ა.შ., ეს პატიმრები საერთოდ უარს ამბობენ სითხის გარდა რაიმეს მიღებაზე და მათი მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. ისინი ერთ-ერთ მიზეზად ასახელებენ იმას, რომ მცირე რაოდენობით ტკბილი რომ მიიღონ, არ უნდათ, ეს გაახმაუროს პენიტენციურმა დაწესებულებამ. ანუ მათ შეექმნათ შიში იმისა, რომ სულ მცირე ტკბილის მიღება, რამაც შეიძლება მათი სიცოცხლის გადარჩენა მოახერხოს, შეიძლება გაუმჟღავნოს პენიტენციურმა დაწესებულებამ", — თქვა ნინო ლომჯარიამ TV პირველის ეთერში.

მიხეილ სააკაშვილი მე-18 დღეა შიმშილობს. 8 ოქტომბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა ციხის მაღაზიაში 7 ქილა თაფლი შეიძინა და დაწყებული აქვს საკვების მიღება. ამას უპასუხა სააკაშვილის ექიმმა და თქვა, რომ თაფლს მხოლოდ ერთ კოვზს იღებდა და ჩაიში აგდებდა. მისივე თქმით, ამ ინფორმაციაზე სპეკულაციების შემდეგ სააკაშვილმა თაფლის მიღებაც შეწყვიტა. გავრცელდა ინფორმაცია სამი ყოფილი მაღალჩინოსნის პატიმრობის შესახებაც.