სახალხო დამცველის განცხადებით, ხელისუფლებამ, წააქეზა და პრაქტიკულად, აიძულა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, გადასულიყო შიმშილობის უფრო მკაცრ ფორმებზე. ნინო ლომჯარიას თაფლისა და წვენის მიღების შესახებ განცხადებებზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას გამომწვევ შედეგებზე პასუხისმგებლობის აღება მოუწევს.

"მიხეილ სააკშვილის შიმშილობის მდგომარეობის გაუარესებაზე პასუხისმგებლობას ნამდვილად ვერ გაექცევა ხელისუფლება. მათი პასუხისმგებლობა აუცილებლად იქნება, თუკი ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა, იქიდან გამომდინარე, რა განცხადებებიც გააკეთეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა შიმშილობასთან დაკავშირებით. მათ იმდაგვარი ფორმით გაასაჯაროვეს გარკვეული დეტალები, რაც არც ვიცი, შეესაბამება თუ არა სიმართლეს, მაგრამ ნიშნისმოგებით, ცინიკური თუ დამცინავი ფორმით, პრაქტიკულად, აიძულეს პატიმარი, კიდევ უფრო მკაცრ ფორმებზე გადასულიყო შიმშილობის. როცა ასეთი განცხადებები კეთდება, ამას ისმენს პატიმარი და შიმშილობის უფრო მკაცრ ფორმაზე გადადის, რა თქმა უნდა, გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებლობის აღება მოუწევს ხელისუფლებასაც", — განაცხადა ლომჯარიამ TV პირველის ეთერში

გარდა ამისა, ის ამბობს, რომ წაქეზებასა და იძულებასთან ერთად, პენიტენციური სამსახურისა და ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები პერსონალური ინფორმაციისა და უფლებების დარღვევაცაა, "რაც არ ჯდება არც იმ წესებში და დამოკიდებულებაში, რასაც ზოგადად ადგილი აქვს სხვა პატიმრების მიმართ პენიტენციური სამსახურის მხრიდან". ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ ეს შემაშფოთებელია.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, ამ განცხადებების შემდეგ, რუსთავის ციხეში მოშიმშილე სხვა პატიმრები საერთოდ უარს ამბობენ სითხის გარდა რაიმეს მიღებაზე და მათი მდგომარეობა მძიმეა. ლომჯარიას განცხადებით, პატიმრებს გაუჩნდათ შიში, რომ მცირე რაოდენობით ტკბილის მიღება, რამაც შეიძლება მათი სიცოცხლე გადაარჩინოს, პენიტენციურმა სამსახურმა შეიძლება გაამჟღავნოს.

მიხეილ სააკაშვილი მე-18 დღეა შიმშილობს. 10 ოქტომბერს, მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა. როგორც ექიმი განმარტავს, ეს შიმშილობის გამო მოხდა და მას უჭირს საუბარი და მოძრაობა. პასუხად პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მათი თქმით, როგორც მოშიმშილე, სააკაშვილი მუდმივად იმყოფება სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ და მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მომდევნო დღეს სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ საკითხებით უტრირება არ ღირს.

გარდა ამისა, 8 ოქტომბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა ციხის მაღაზიაში 7 ქილა თაფლი შეიძინა და დაწყებული აქვს საკვების მიღება. ამას უპასუხა სააკაშვილის ექიმმა და თქვა, რომ თაფლს მხოლოდ ერთ კოვზს იღებდა და ჩაიში აგდებდა. მისივე თქმით, ამ ინფორმაციაზე სპეკულაციების შემდეგ სააკაშვილმა თაფლის მიღებაც შეწყვიტა.