სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, შიო მუჯირი აცხადებს, რომ ბოროტება ზოგჯერ სამართლიანი სასჯელით უნდა აღიკვეთოს, უკიდურეს შემთხვევაში კი ბოროტების ჩამდენი ადამიანი "უნდა მოვიკვეთოთ". პატრიარქის მოსაყდრემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ როცა "საყოველთაო შერიგებაზე" საუბრობენ, არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას.

"მე მინდა თქვენი ყურადღება იმაზეც გავამახვილო, რომ ბოროტება უნდა ჩვენ აღვკვეთოთ და შევაჩეროთ, ზოგჯერ სამართლიანი სასჯელითაც. აი, დღეს რომ არის საუბარი საყოველთაო შერიგებაზე, სხვათა შორის, ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას — ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე. ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია ჩვენ. გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება, ასევე, ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც უნდა მოვიკვეთოთ ჩვენ ესეთი ადამიანი", — განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ.

"საყოველთაო შერიგებაზე" განცხადება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით რამდენიმე სასულიერო პირმა გააკეთა. მათ შორისაა, ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი. იგი სააკაშვილის სანახავად რუსთავის ციხეშიც იმყოფებოდა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტს სთხოვა, მოუწოდოს თავის მომხრეებს, რომ "ვიფიქროთ ყველამ შერიგებაზე".

სააკაშვილის სანახავად მივიდა მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტი მელქისედეკ ხაჩიძეც. ციხიდან გამოსვლის შემდეგ კი "აუცილებელია ჩვენი ერის საყოველთაო შერიგება".

როგორც ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა, ისე მელქისედეკ ხაჩიძემ ხელი მოაწერეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას. მოთხოვნას კიდევ არაერთი სასულიერო პირი შეუერთდა.

შერიგებაზე საუბრობს თავად სააკაშვილიც. ციხიდან გამოგზავნილ ერთ-ერთ წერილში ის წერს, რომ "აუცილებლად გვჭირდება დიდი შერიგება და უარი რევანშზე და შურისძიებაზე".