ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი Indian Wells Masters-ის ფინალში ითამაშებს. მან ტურნირის ნახევარფინალში ამერიკელი ტეილორ ფრიცი ორ სეტში ანგარიშებით 7:6 და 6:3 დაამარცხა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ფინალში კამერონ ნორის დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილი Indian Wells Masters-ის ფინალში პირველად ითამაშებს.

ფინალამდე ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირში 5 მოწინააღმდეგე დაამარცხა, რომელთა შორისაცაა მსოფლიოს მესამე ჩოგანი სტეფანოს ციციპასი. ფინალური შეხვედრა 18 ოქტომბერს, საქართველოს დროით ღამის 3 საათზე დაიწყება.

საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ჩოგბურთელს ყოფილი ცოლი, ნეკა დოროყაშვილი ძალადობაში ადანაშაულებს. აღნიშნული ბრალდებით ის გასული წლის მაისში დააკავეს. ნიკოლოზ ბასილაშვილს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ძალადობაში ედება ბრალი. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ამასთან, შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული როგორც ჩოგბურთელის, ისე მისი მშობლების მიმართ.