ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა, რომლებიც შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში ფიქსირდებიან და ტერიტორიულად იმყოფებიან იმ საარჩევნო ოლქში, სადაც არიან რეგისტრირებული, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკოს კონტაქტ-ჰაბს23-25 ოქტომბერს უნდა მიმართონ.

"შესაბამისმა საოლქო საარჩევნო კომისიებმა უკვე დაიწყეს მზადება არჩევნების მეორე ტურისთვის; მეორე ტურზე ამომრჩევლებს მოემსახურება 1 830 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 8 უბანი; ასევე შექმნილია სპეციალური უბნები სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად", — აცხადებენ ცესკოში.

მათივე ცნობით, მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდებათ მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე, რეგისტრაციის ვადა უგრძელდებათ რეგისტრირებულ სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებსაც.

"მათ უფლება აქვთ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა განახორციელონ ცვლილებები და დაამატონ დამკვირვებლები თუ მედია წარმომადგენლები", — აცხადებენ ისინი.

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური საქართველოში 30 ოქტომბერს გაიმართება.

გაიგე მეტი: