ელჩები პარტიებთან დახურულ ფორმატში შეხვედრებს მართავენ. როგორც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საუბარი ეხებოდა როგორც არჩევნებს, ისე სხვა აქტუალურ საკითხებს.

"დახურული ტიპის შეხვედრა იყო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ელჩებთან, რა თქმა უნდა, მაგრამ დეტალებზე საუბარს რომ ვერ შევძლებ, აქ, მგონი, ნაწყენები არ უნდა დარჩეთ. რა თქმა უნდა, ყველა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით იყო დეტალური საუბარი და თავისთავად მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რომ იქნებოდა საუბარი, ბუნებრივია. ძალიან საინტერესო საკითხებზეც იყო საუბარი, როგორ ვხედავთ ჩვენს მომავალ განვითარების პროცესს ქვეყანაში უახლოეს მეორე ტურამდე და მას შემდეგ, ასევე. ამიტომ, გვიხარია, რომ საერთაშორისო საზოგადოება არის ფხიზლად, გამადიდებელი შუშით ადევნებს თვალყურს იმ პროცესებს, რომელსაც ადგილი აქვს ქვეყანაში, იმ ძალადობის ფაქტებს, რომელსაც ყოველდღიურად ჩადის ქართული ოცნება", — თქვა მელიამ.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას თქმით, მათ ელჩებს მნიშვნელოვან საკითხებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

"ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე მივაწოდეთ ინფორმაცია, მათ შორის, არჩევნებზე, მათ შორის, ბუნებრივია, პრეზიდენტი სააკაშვილის საკითხზე. სხვაგვარად წარმოუდგენელიც იქნება. ყველა საერთაშორისო პარტნიორთან ვსაუბრობთ ამ მნიშვნელოვან საკითხებზე. ისინი ძალიან კარგად არიან ინფორმირებული და ჩვენ გავაგრძელებთ მათთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას. მათი ინტერესი არის საქართველოს დემოკრატიული პროცესების იმგვარად წარმართვა, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს და შესაბამისად, ბუნებრივია, ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ეს ქვეყანამ შეძლოს", — აცხადებს ის.

ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ განხილვა შეეხება ყველა იმ საკითხს, რომელიც პოლიტიკურ რეალობას ქმნის დღეს საქართველოში.

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოსახლეობა მერებსა და საკრებულოების წევრებს ირჩევდა. თუმცა ამჯერად ეს არ იყო მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები — მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებდა. სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება. მეორე ტური ჩატარდება თბილისშიც.